თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ემორის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი საგანგებოდ მათთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა - „ზაფხული ემორიში“ იყო, რომლის ფარგლებში, როგორც წესი, სტუდენტები 3 კვირის განმავლობაში ეცნობიან ამერიკული სამედიცინო განათლების სისტემას და კლინიკურ სწავლებას.

„ზაფხული/ზამთარი“ ემორიში თსსუ-ის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლების ადრეულ სტადიაში გაეცნონ ამერიკის შეერთერბული შტატების ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების სისტემას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების უკვე მეთერთმეტე ჯგუფი გაემგზავრება ემორის უნივერსიტეტში 2020 წლის თებერვალში. სამი კვირის განმავლობაში სტუდენტები დაესწრებიან ემორის მედიცინის სკოლაში ლექცია-სემინარებს და საკუთარი თვალით ნახავენ, თუ როგორ მუშაობენ მათი თანატოლები კლინიკურ გარემოში, მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას კლინიკური სწავლების პროცესში”,- აღნიშნავს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის მედიცინის სკოლას შორის დადებული ორმხრივი შეთანხმება თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს ასევე, საშუალებას აძლევს გარკვეული არჩევითი კლინიკური როტაციები ემორის უნივერსიტეტის ბაზებზე გაიარონ. ამისთვის, “ზაფხული/ზამთარი ემორიში” ერთგვარი მოსამზადებელი კურსის და მოტივატორის როლსაც თამაშობს.

ზაფხული/ზამთარი ემორიში, თსსუ-ის სტუდენტებისათვის ამერიკული პროგრამის ამოქმედების პირველსავე წელს დაარსდა და ყოველწლიურად რეიტინგით საუკეთესო სტუდენტებს აძლევს საშუალებას გაემგზავროს ემორის უნივერსიტეტში.”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დიდი ხნის ისტორია და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან. ამ ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 90 წლებიდან დაიწყო. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ბოლო 6 წლის განმავლობაში მოქმედებს გაცვლითი პროგრამები ემორის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესორებისათვის.

„ეს არის პროექტი, რომელიც უდიდეს გამოცდილებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, აძლევს მოტივაციას პირველკურსელებს, რომლებიც, რეალურად,ახლა იწყებენ მედიცინის საფუძვლების შესწავლას და ხვდებიან ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის საკმაოდ დატვირთულ კლინიკაში, ფაქტიურად ხდებიან პროფესიონალთა გუნდის წევრები. ასეთი შესაძლებლობის შემდეგ სტუდენტმა უკვე ზუსტად იცის, რა არის მისი მიზანი. პროექტს თსსუ-ის ადმინისტრაცია ფინანსური კუთხითაც მხარს უჭერს: წარმატებული სტუდენტების წახალისების სისტემა ამ პროექტში მისი განხორციელების პირველივე დღიდან მოქმედებს. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი გაფართოვდება, განვითარდება და კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცემს საშუალებას, ნახოს და გაეცნოს ამერიკული ჯანდაცვის სისტემის მუშაობის რიტმს, გეგმას, სტილს... ემორის მედიცინის სკოლა, ჩვენი ძლიერი პარტნიორი, თავისმხრივ, ძალისხმევას არ იშურებს სტუდენტების მხარდასაჭერად”,- აცხადებს თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი ეკა ეკალაძე.

პროექტი „ზაფხული/ზამთარი ემორიში“ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო კურსის - „გახდი ექიმი”- ფარგლებში პირველად 2014 წელს განხორციელდა: ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების 10 სტუდენტს უმასპინძლა. ჯორჯიის შტატს წელიწადში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის 30 სტუდენტი სტუმრობს. აღნიშნული პროექტით ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში 2015 წელს - 13, 2016 წელს - 10, 2017 წელს - 31 სტუდენტი, ხოლო 2018-2019 წლებში 40-მდე რეიტინგული სტუდენტი იმყოფებოდა. საგანმანათლებლო პროგრამები „ზამთარი ემორიში“ და „ზაფხული ემორიში“ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციად იქცა.

2019 წლის აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში ემორის მედიცინის სკოლაში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალსა და სხვა ამერიკულ პარტნიორ კლინიკებში თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტთა მეცხრე-მეათე ჯგუფები გაიგზავნენ. პროგრამის მესამე სემესტრის მომდევნო 10 რეიტინგული სტუდენტი ატლანტას 2020 წლის თებერვალში ეწვევა და ზამთრის არდადეგებს აშშ-ში საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გაატარებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის სამედიცინო განათლებისა და სტუდენტთა ურთიერთობის საკითხებში, პროფესორ გორდონ ჩერჩვარდის მოწვევით, 2019 წლის აგვისტოში ემორის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი თამარ სტეფანიშვილი. თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა ემორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც გადიან სტაჟირებას ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში.

„ვიზიტის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი თამარ სტეფანიშვილი იმყოფებოდა ატლანტაში არსებულ CNN -ის სათავო ოფისში, სადაც გაეცნო მედიის მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე სიახლეებს ტექნიკური და ვიზუალური მიმართულებით. ასევე, დაათვალიერა ნიუსრუმი, გადაცემების და გახმოვანების სტუდიები, საეთერო და სამონტაჟები.

თსსუ-ის სტუდენტებმა გამოხატეს თავისი კმაყოფილება აღნიშნული სტაჟირების მიმართ და მადლობა გადაუხდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მათთვის ამ შესაძლებლობის განხორციელების მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო