ხაშურის მერის წარმომადგენელი - საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ - ეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს.

„ფაქტია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორესაც ამონტაჟებენ. ეს ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ამჟამად ახალი პოსტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ადგილი სოფელ წაღვლისა და ყობის სიახლოვეს მდებარეობს. ყობის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრშია. ეს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აზარალებს და დაძაბულობას ქმნის", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" ხაშურის მუნიციციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ.

ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებებს და საგუშაგოების განთავსებას მორიგ პროვოკაციად აფასებს.

„ორ საგუშაგოს აკეთებენ. ბუნებრივია, შემაშფოთებელია ეს ფაქტი, თუმცა, მოსახლეობა პანიკაში არ არის. ვცხოვრობთ აქ ჩვეულებრივ, ვფიქრობთ, რომ პროვოკაციის მიზნით აკეთებენ. შესაძლოა, ტყით სარგებლობა და გადაადგილება შეგვეზღუდოს, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი", - განაცხადა სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ - ხაშურის მერიის წარმომადგენელი

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს