პაატა ზაქარეიშვილი ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებზე - შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა მითების შექმნას

შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა მითების შექმნას, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ჩორჩანასთან შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა, სადაც საოკუპაციო ძალები ორ საგუშაგოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აშენებენ.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია მკაფიო პოზიცია წარმოადგინოს, ასევე ისაუბროს იმაზეც, თუ რის შედეგია ეს ყველაფერი.

„მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, რომ ისინი ვერ ფლობენ სიტუაციას და არ იციან, როგორ იმოქმედონ კონფლიქტის მართვის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ გადაწყვეტაზე, ამაზე ოცნებაც აღარ გვაქვს, მართვაც არ შეუძლიათ,“- აცხადებს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ძალების ქმედებები პასუხია ცოტა ხნის წინ, ქართული მხარის მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს გაუფრთხილებლად აგებაზე.

„ჩვენ სამწუხაროდ, როგორც წესი, გვაქვს სტატიკური და არა დინამიური აზროვნება, მოვლენებს შორის კავშირებს ვერ ვხედავთ ხოლმე. მაშინ ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში რომ დააყენა საგუშაგო ისე, რომ არ განიხილა ეს ერგნეთის შეხვედრაზე, ეს აუცილებლად გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას,“- აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

კითხვაზე, სხვა დროს თუ განიხილებოდა საგუშაგოს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და რამდენად ეფექტიანი იყო ეს გზა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ განიხილებოდა და საკმაოდ ეფექტიანიც.

„ერგნეთი იმიტომ არსებობს, რომ ამ ტიპის ნაბიჯები იქნას განხილული, ეს არის გამყოფი ხაზი და ერგნეთი იმიტომ შეიქმნა, რომ ინციდენტების პრევენცია მოხდეს. სიტუაცია რომ უკონტროლო არ იყოს, საჭიროა რაღაც საკითხების სულ ცოტა განხილვა, თუმცა, სჯობს შეთანხმება.

ათეულობით საგუშაგო დგას იქ და ყველა განხილულია. თუ პერევის საგუშაგოს განხილვა შეიძლებოდა, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ჩორჩანასთან საგუშაგოს დაყენების საკითხის განხილვა? ვერ ამოვხსენი ეს ნაბიჯი ქართული მხრიდან, რასაც მოჰყვებოდა აუცილებლად ვერაგული პასუხი,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგო.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან, დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - განაცხადეს სუს-ში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს