მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი მედლინ მუნს - 88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო - იქნებ, რამის გაკეთება შეძლოთ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 88 წლის დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ბარიერების გამო შექმნილ პრობლემებზე შესჩივლა და ასამბლეის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.

“გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის “მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის “მოქალაქეობა” როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“,- მიმართა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

იხილეთ ვიდეო: "88 წელია აქ ვცხოვრობ საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდე რუსეთისა?" - მავთულხლართების მიღმა მცხოვრები მოხუცი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა