ქეთევან ციხელაშვილი - იმედი გვაქვს, საერთო რეაქციებით შევძლებთ, რომ  ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას

ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ამით გამოწვეული პრობლემები იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან გამართა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე არაერთი საკითხი დაისვა, რომელიც მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„ყველაზე მწვავე საკითხი, რა თქმა უნდა, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა გახლდათ, რაც ახალგორელებისათვის და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან მძიმე ყოველდღიური გამოწვევაა, რადგან მათთვის გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს უკავშირდება. არაერთი ადამიანი ელოდება, რომ მიმოსვლა დაუყოვნებლივ გაიხსნას.

ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ შეზღუდვებზე ენგურის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გავლით და ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ თუ ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.

ვისაუბრეთ პროვოკაციების მთელ იმ კასკადზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც გუგუტიანთკარში, ისე ჩორჩანას მიმდებარედ და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით. საერთო ინტერესი გახლავთ ის, რომ არავითარი ესკალაცია არ მოხდეს და როგორც ჰუმანიტარული მდგომარეობა, ისე უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ.

„რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ საერთო რეაქციებით შევძლებთ, პირველ რიგში, მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები მოგვარდეს, ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა გაიხსნას, მოიხსნას შეზღუდვები ენგურზე და ზოგადად, გადაადგილების თავისუფლების მაღალ ხარისხზე ვისაუბროთ, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ასევე, რა თქმა უნდა, არ იქნას დაშვებული არანაირი ესკალაცია ჩორჩანას მიმდებარედ და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ქმედებები შეკავებული იქნას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს