ზუგდიდში აქცია სახელწოდებით - "სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ" დასრულდა

ზუგდიდში, მერიის შენობის წინ აქცია სახელწოდებით - "სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ" დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან თბილისის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მოძრაობას და ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. შეკრებილებს სიტყვით მიმართა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა და მათ 20 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აქციები ზუგდიდის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.

"ზუგდიდი არის პირველი ქალაქი, სადაც თბილისის გარეთ დაიწყო აქციები იმის სათქმელად, რომ უკვე ყველგან სირცხვილია. ეს ამბავი არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის ან ერთი ქუჩის - სირცხვილია ყველგან, სადაც ვრცელდება გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის გამოწვევას, რომელმაც პირდაპირ სილა გააწნა საზოგადოებას, რომელიც შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა ძალადობრივი ქმედებების გამო და დაუნიშნა მას პრემიერ-მინისტრად. ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე ბრძოლას იმისთვის, რომ 2020 წელს დავასრულოთ რეჟიმი, რომელმაც დააზიანა და დააზარალა ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა მაქარაშვილმა.

აქციაზე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც იმყოფებოდა. მან გახარის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება უწოდა.

"ვაპროტესტებთ პირველ რიგში გახარიას დანიშვნას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ყოვლად მიუღებელი, ცინიკური და შეურაცხმყოფელი საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღო ივანიშვილმა. კრიმინალი გახარია, რომელსაც ამ ქალაქში პრაქტიკულად ადამიანის მკვლელობა აქვს ჩადენილი და ეს საქმე არის გამოუძიებელი, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ვემზადებით 20 სექტემბრის აქციისთვის, რომ ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას დავანახოთ - საქართველოს მოსახლეობა დგას ერთად", - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

აქციაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის წინ მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა