ზუგდიდში მობილური კინოთეატრი მოეწყო

ზუგდიდში მობილური კინოთეატრი მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, სკეიტ პარკში, ღია ცის ქვეშ ქართული მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გამართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. „ზუგდიდში, დღეს პირველად ვაწყობთ ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებას. მიხარია ღონიძიებას ყველა თაობის წარმომადგენელი რომ ესწრება. აქვე მინდა გითხრათ, რომ მობილური კინოთეატრი ჩავა ყველა სოფელში და ის ეტაპობრივად მთელს მუნიციპალიტეტს მოიცავს. თქვენთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება, სწორედ დღეიდან ამ ღონისძიებებს მობილური კინოთეატრი ღია ცის ქვეშ შეემატება. მოხარული ვარ, რომ ეს ტენდენცია შემოვიღეთ და თქვენი ჩართულობით ის მომავალში ტრადიციად იქცევა“, - აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.

თავის მხრივ ახალგაზრდებმა მერიის წამოწყება პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. „ჩვენ ეს პრაქტიკა მოგვცემს მეგობრების ხშირად ნახვის შესაძლებლობას. მეტი კომუნიკაცია გვექნება და ნაწილობრივ მოვწყდებით XXI საუკუნის გამოწვევას, რასაც ინტერნეტ დამოკიდებულება ჰქვია“, განაცხადა მიმი მაქაცარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველ პარასკევს მართავს მუსიკალურ საღამოებს სახელწოდებით „ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი“. ასევე ყოველ შაბათს გაიმართება ინტელექტუალური თამაშები.

აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.