რუსთავის 22 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა

ახალ სასწავლო წელს, რუსთავის 22 საჯარო სკოლა, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, 1 700 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მათივე ცნობით, 26 პროექტი, რომელიც სკოლებში სპორტული დარბაზების, მოედნების, სველი წერტილების, დერეფნების რეაბილიტაციას და სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა, რუსთავში სრულად განხორციელდა და სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში შეფერხების გარეშე დაიწყო.
ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი შეუფერხებლად დაიწყო რუსთავის ბაგა-ბაღებშიც.
1 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 8 საბავშვო ბაღში განხორციელდა. სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტიდან, დამატებით 500 000 ლარი იყო გამოყოფილი. ახალი ინვენტარი: საწოლები, მაგიდები, სკამები, კარადები და სტელაჟები, სასწავლო წლის დაწყებამდე, რუსთავის ოცდაერთივე ფილიალში შეიტანეს.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა #8 საბავშვო ბაღს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა #27, # 17, #36. #31, #23, #33 და 25-ე ფილიალებში. გაიხსნა ახალი სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფებიც და წელს, რუსთავის ბაღებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, 2048 აღსაზრდელი მიიღეს.
სასწავლო წლის დაწყება, რუსთავის მერის მოადგილეებმა - გოჩა ლორიამ, ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, პაატა მხეიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა, რუსთავის თითქმის ყველა სკოლას და საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელს მიულოცეს. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, პროექტები, მუნიციპალიტეტებმა წელს პირველად განახორციელეს. 2020 წლისთვის, რუსთავში, სკოლების რეაბილიტაციისთვის 3 000 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

























