აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლა გახსნა

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ახლად დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შონ ქეირნქროსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პირველად ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად ქეირნქროსი სოფელი მარტყოფის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორმა კახა კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ვიღებ მონაწილეობას მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის გახსნაში. 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც გასწია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, დაეხმარება ქვეყანას გააძლიეროს ადამიანური კაპიტალი. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო საგნების 20 000-მდე პედაგოგის გადამზადება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ერთობლივი ძალისხმევის გარეშე. მარტყოფის სკოლის ინფრასტრუქტურა არის ყველასთვის მაგალითის მიმცემი, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო სასწავლო გარემოში შეძლონ სიახლეების ძიება,“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელმა დირექტორმა შონ ქეირნქროსმა.

„ახალ სასწავლო წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 13 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნით იწყებს, მათ შორის არის მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლა, რომელიც დღეს საზეიმოდ გავხსენით. ჩვენი ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 39 000-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს შესაძლებლობა, განახლებულ უსაფრთხო, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილ 91 საჯარო სკოლაში მიიღოს განათლება უკეთესი მომავლისთვის,“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი), რომელიც კორპორაციამ საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა, 2014 წელს დაიწყო.

„კომპაქტი ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობად. კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო. შესაბამისად, ხუთი წლის განმავლობაში, ფონდმა განახორციელა საგანმანთლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. ჯამში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 39 000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა