ოთარ კახიძე - პროკურატურას ერთთვიან ვადას ვაძლევთ,  გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებულების ოჯახებთან

„ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს, შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და დაადგინოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ოფიციალურად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან, მათ ადვოკატებთან და ჩაატაროს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ გარემოებებს ნათელს მოჰფენს. თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები, თუმცა არც იმის ილუზია მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნებაც ეყოფა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოყვანილი, ამიტომ პრეზიდენტის ყველა მავნებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. თუ სურთ, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობას დაურთონ უკვე შემდგომი შესაძლო დანაშაულში მისი შემხებლობის საკითხიც, მაშინ ნუ გამოიძიებენ. თუმცა არაფერი არ დარჩება დაფარული. საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, რეალურად რა მოტივაცია იდგა ამ შეწყალებების უკან. ჩვენ ერთთვიან ვადას ვაძლევთ გენერალურ პროკურატურას, თუ ერთ თვეში არ იქნება ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გაცემული, მაშინ დავაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა