ავღანეთში ბაგრამის ბაზის ერთ-ერთ მოედანს ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად კოალიციურ ბაზაზე მარათონი გაიმართა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გარბენში მონაწილეობა ჩეხმა, ამერიკელმა, პოლონელმა და ბოსნიელმა სამხედროებმა მიიღეს.

მარათონში გამარჯვებული სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ვოლფორდმა (Brian Wolford) ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ ვასილ ყულჯანიშვილისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში აღავლინა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხვიჩა კალანდაძე და 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ესწრებოდნენ.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი