თსსუ-ში „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა

20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტების საზეიმო მიღება, „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას თსსუ-ში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს.

„გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების ცერემონია ამჯერად გაცილებით პომპეზური იყო. თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდმა რიგით მეშვიდე ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებით გახსნა, რის შემდეგაც საპატიო სტუმრებსა და შეკრებილ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა.

პროგრამის პირველკურსელებს მიესალმნენ ღონისძიებაზე მიწვეული საპატიო სტუმრები: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი მეთიუ შხერი, ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ-დეკანი გორდონ ჩერჩვორდი, კლინიკური განათლების დეკანი ჯოელ ფელნერი, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, ინტერდისციპლინური სწავლების ხელმძღვანელი დუგლას ანდერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და ასევე, პროგრამის პირველი, 2019 წლის გამოშვების სტუდენტი ნოდარ მაისურაძე. საპატიო სტუმრებმა, ტრადიციულად, პროგრამის ემბლემით გაფორმებული თეთრი ხალათებით საზეიმოდ შემოსეს სტუდენტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თსსუ-ს ინფორმაციით, პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის საპატიო ჯილდო წელს გადაეცათ აშშ საელჩოს საქართველოში, აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს.

„ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, არჩილ უნდილაშვილი.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებმა, პროფესორებმა რიმა ბერიაშვილმა, ხათუნა თოდაძემ და ირაკლი კოხრეიძემ. ცერემონიას ესწრებოდნებ თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, უცხოელი სტუმრები და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, მშობლები და მეგობრები.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება. პროგრამამ პირველი სტუდენტები 7 წლის წინ მიიღო, მათ ამერიკულ პროგრამაზე სწავლა 2019 წლის ივნისში დაასრულეს.

2019-2020 სასწავლო წელს პროგრამაზე მეშვიდე მიღების 70-მდე სტუდენტი ჩაირიცხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2020
ვახტანგ ძაბირაძე - იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ოპოზიციაა, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა