“რბილიდან” “ბასრ ძალამდე” - ძველი საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება, თუ რუსეთის გავლენის ახალი ბერკეტი
უარის მიუხედავად ენმ აქციის გამართვას მაინც აპირებს - რიყის დოქების სიმბოლიზმი
უკრაინა ოქტომბერში რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის ემზადება - რა სიურპრიზებს ამზადებს კიევი
* * *
“რბილიდან” “ბასრ ძალამდე” - ძველი საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება, თუ რუსეთის გავლენის ახალი ბერკეტი
“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს” პირადად ულოცავს და მოსკოვის მხრიდან სოხუმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე საუბრობს. პარალელურად, ე.წ. ლიდერის მტკიცებით, საქართველოს მხრიდან “საფრთხეა”, ამიტომ ე.წ. ხელისუფლება “მზადყოფნას” ინარჩუნებს და რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ავითარებს. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით სურს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას დეოკუპაციის საკითხის გარეშე არ განიხილავს. ოფიციალური თბილისის პოზიციით, რუსეთთან ურთიერთობის რეალური გაუმჯობესება და კონფლიქტის მოგვარება დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან და დიალოგის გაგრძელებასთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რბილიდან” “ბასრ ძალამდე” - ძველი საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება, თუ რუსეთის გავლენის ახალი ბერკეტი.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ამ პროცესის მთავარ ფორმატად განიხილავს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, რუსეთი ე.წ. ბასრი ძალის ინსტრუმენტებს იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალო პოლიტიკური და მმართველობითი გავლენის გაძლიერებას ცდილობს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან აქტიური ურთიერთობა ახალი არ არის და მსგავსი გზავნილები განსაკუთრებით ხშირად საქართველოსთვის მტკივნეულ თარიღებს უკავშირდება. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გავლენის გასაძლიერებლად ე.წ. ბასრ ძალას იყენებს - უკვე უშუალო პოლიტიკური და მმართველობითი ბერკეტების ფორმირებას ცდილობს. მისი შეფასებით, ცხინვალში რუსეთის პირდაპირი კონტროლი გაძლიერდა და მსგავსი პროცესის გააქტიურებას აფხაზეთზეც ცდილობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთი ამ შემთხვევაში “ბასრ ძალას” იყენებს - საგარეო და უსაფრთხოების ახალ ინსტრუმენტსა თუ ბერკეტს, რომლის გამოყენებაც კრემლმა საკმაოდ ეფექტურად დაიწყო. “ბასრი ძალის” ელემენტია, როდესაც უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების დონეზე ხდება სეპარატისტებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება. ცხინვალში უკვე პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის მართველობაა, იმიტომ, რომ კამბოლოვი პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელია - ტიმჩენკოსა და ძმები კოვალჩუკების კლანის წევრი, რომლებიც უშუალოდ პუტინის დაფინანსებლები არიან. პუტინის ე.წ.შავი სალარო მაგათ ხელშია. პუტინმა ფაქტობრივად პირდაპირი “მმართველი” შემოიყვანა ცხინვალში და ახლა ცდილობენ იგივე გააკეთონ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებითაც. პროცესი “რბილი ძალიდან” უკვე “ბასრი ძალის” ფორმატში გადავიდა. როგორც ჩანს, ცდილობენ, რომ მთელი საქართველო თავიანთ “შიდა ეზოდ” აქციონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“სომხეთი და აზერბაიჯანი ფაქტობრივად გადიან მათი გავლენის სფეროდან და რჩება მხოლოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და საქართველოს ის ნაწილი, რომელიც არ არის ოკუპირებული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული აფხაზური და ოსური სეპარატისტული ე.წ. ლიდერშიფი მათი ერთადერთი რეალური დასაყრდენია. საქართველოს ხელისუფლებას ისინი მთლად სატელიტად არ განიხილავენ. თუმცა, საქართველოს მიმართულებით ჰყავთ პრორუსული პოლიტიკური ძალები. კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებს, როგორც ერთგვარ “რუხ ზონას”, რათა საქართველოში შემდგომში პოლიტიკურად იმოქმედონ. ისინი ცდილობენ პოლიტიკური ბერკეტები მოძებნონ, რომ საქართველო პოლიტიკურად ისე ჩაიგდონ ხელში, როგორც თავის დროზე სომხეთი ჰყავდათ ჩაგდებული”, - დაასკვნის მაისაია.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან აქტიური კომუნიკაცია ახალი არ არის და განსაკუთრებით სიმბოლურ, საქართველოსთვის მტკივნეულ თარიღებს ემთხვევა. მისი შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რეალური გაუმჯობესების მაჩვენებელი დეოკუპაციისა და რეალური დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება. “ყოველთვის იყო აქტიური ასეთი ურთიერთობა ოკუპანტი კრემლის მხრიდან საქართველოს დროებით მიტაცებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებებთან, განსაკუთრებით იმ დღეებში, როდესაც ეს ემთხვევა საქართველოსთვის მტკივნეულ თარიღებს - აფხაზეთიდან დევნილების გამოდევნას, სოხუმის დაცემასა და სხვადასხვა ტრაგედიის მძიმე წლისთავებს, რომლებსაც აფხაზები აღნიშნავენ ზარზეიმით და მათ კრემლიდან ულოცავენ”, - ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით “სიახლე იქნება ის, თუკი რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისა და რეალური დიალოგისკენ”, - დასძენს გამოცემა.
“ლავროვისა და პრესმდივან ზახაროვას ცინიკური განცხადებები, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობაა, არ შეესაბამება იმ რეალობას, მხოლოდ გვაქვს ჩვეულებრივი ხალხთაშორისი და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. თუმცა, თუ მოსკოვში სურთ ურთიერთობის ძირფესვიანად და სრულფასოვნად მოგვარება, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიერ არაერთხელ ითქვა: ეს არის სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოების დახურვა და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა. ეს რა ფორმით მოხდება, რეალურად განხორციელდება თუ არა, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და არა მავთულხლართებიან გამყოფ საოკუპაციო ხაზებზე - ეს უკვე დიპლომატების მუშაობიდან გამოჩნდება. თუმცა, ნება იმისა, რომ რეალურად დათბეს და გამოსწორდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, თავად მოსკოვზეა დამოკიდებული. ეს განცხადებები, ვითომ აღიარებები და ჯილდოები დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებისადმი არაფერს ნიშნავდა უწინ და არც ახლა წარმოადგენს რაიმეს ქართველი ერისთვის”, - მიიჩნევს აბაშიძე.
უარის მიუხედავად ენმ აქციის გამართვას მაინც აპირებს - რიყის დოქების სიმბოლიზმი
“ნაციონალური მოძრაობა” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას 1-ელ ოქტომბერს, რიყის პარკში მაინც გამართავს. პარტიაში ისევ ძველ პოზიციაზე არიან და მიუხედავად შსს-ს მიერ ორგანიზატორებისთვის ლოკაციის შეცვლის რეკომენდაციისა, დაგეგმილ დროსა და ადგილზე შეიკრიბებიან. 29 სექტემბერს ენმ-ში განაცხადეს, რომ 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის გამართვაზე შსს-სგან უარი მიიღო. უწყება მალევე გამოეხმაურა და აქციის ჩატარებაზე უარის მიზეზად ორი გარემოება დაასახელა. მათი ინფორმაციით, ენმ-ის ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი. გარდა ამისა, 3-4 ოქტომბერს თბილისობის ტრადიციული დღესასწაულია დაგეგმილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაც რიყის პარკია. შესაბამისად, 1-ელ ოქტომბერს იქ აქციის გამართვა ხელს შეუშლის თბილისობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, შს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უარის მიუხედავად ენმ აქციის გამართვას მაინც აპირებს - რიყის დოქების სიმბოლიზმი და მოსალოდნელი სცენარები.
“ენმ-ის “რეფორმატორთა საბჭოს” აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, მხარდამჭერებს მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ და დასძენს, რომ შეკრების მასპინძელი თავიდან ბოლომდე “ნაცმოძრაობაა”. “ვფიქრობ, სწორი იქნება 1-ელ ოქტომბერს 5 საათზე, რიყეზე სიმბოლურ აქციაზე მისვლა, რომლის მასპინძელიც თავიდან ბოლომდე “ნაცმოძრაობაა”, - ამბობს ჟორჟოლიანი მიმართვაში. “ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, როგორც გვინდა, სადაც გვინდა იქ შევიკრიბოთ - როგორიც არ უნდა იყოს ივანიშვილის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხვალ მაინც ჩატარდება”, - ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ, რიყის პარკში დაგეგმილ აქციაზე იქნებიან საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ პროტესტის დროს ადგილზე მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა და ხალხის მობილიზება ძირითადად თბილისელების ხარჯზე მოხდება, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ენმ-ს ეკითხება, კონკრეტულად რის აღნიშვნას აპირებს 1-ელ ოქტომბერს. მისი თქმით, ამ შეკრებით პარტია საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს საკუთარ „სახეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შეიძლება ხვალ რიყის დოქებთან გარკვეული დაძაბულობა იყოს, რადგან მერიამ და შს სამინისტრომ აქციის ჩატარების ნება იმ ადგილას არ დართეს, სადაც ორგანიზატორებს სურდათ. თუმცა, ნაწილმა განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციური უფლებაა, დემონსტრაცია თავიანთი სურვილისამებრ გამართონ. საერთო ჯამში, გარკვეული დაძაბულობა გამორიცხული არ არის. რიყის დოკებთან აქციის ჩატარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს - ეს ობიექტი ცხრაწლიანი აღმშენებლობის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც ახლა დემონტაჟს ექვემდებარება. რაც შეეხება ხალხის მობილიზებას, რეგიონებიდან ორგანიზებული ჩამოყვანა არ იგეგმება, უფრო ადგილობრივები - თბილისელები იქნებიან. 1 ოქტომბერს აქციის გამართვას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ სწორედ ამ დღეს მოვიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” ცრუ დაპირებებით, ციხის კადრების გავრცელებითა და ა.შ. მეორე კი ის არის, რომ რიყის დოქები იმის მაგალითია, თუ როგორ მიმდინარეობდა აღმშენებლობა “ნაცმოძრაობის” დროს, ხოლო დღეს, “ოცნების" მართველობის პერიოდში, ნგრევის პროცესია. ვფიქრობ, აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“მინდა ვკითხო “ნაცმოძრაობას” - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1-ელ ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა. იქნებ იმის აღნიშვნა გინდათ, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს სულ მარტოდ როგორც “მეფე ლირი” მისსავე პარტიამ და დასაკავებლად გაწირა. ჰკითხეთ თქვენს თავს, სინდისი ხომ არ გქეჯნით ხანდახან? თუმცა ვინ მოგცათ ეს თვისება... იმის აღნიშვნა ხომ არ გინდათ, რა სამარცხვინო სიმულაცია - აგრავაციებს მიმართავდა თქვენი ბელადი ჯერ ციხეში, მერე პალატაში, თავს რომ იმკვდარუნებდა? და ა.შ. და ა.შ. სია შემიძლია გავაგრძელო. მე პირადად ძალიან მინდა რომ შეიკრიბოთ და თქვენთვის საკრალური თარიღი აღნიშნოთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ თქვენი სახე, რომ IRI--ს შემდგომ კვლევაში ის 5%-ც აღარ გქონდეთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
უკრაინა ოქტომბერში რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის ემზადება - რა სიურპრიზებს ამზადებს კიევი
“უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას. “დავამტკიცეთ ჩვენი შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის და განვსაზღვრეთ წლის ბოლომდე ჩვენი F-16-ებისთვის საჭირო მიწოდებების მიმართულებები. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებთანაც ვთანხმდებით კონკრეტულ საავიაციო პაკეტებზე”, - აცხადებს ზელენსკი, რომლის თქმით “უახლოეს დროში იქნება გაძლიერება...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინა ოქტომბერში რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის ემზადება - რა სიურპრიზებს ამზადებს კიევი.
“დღეს იყო შორი ოპერაციების შესახებ ჩვენი სამხედროების ანგარიშები - უახლოესი დროისთვის პრიორიტეტებზე, ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ. შორი მანძილი დარტყმების სფეროში უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა სრულდება, და რუსეთის ნავთობის ინდუსტრია გრძნობს, და მომავალშიც იგრძნობს უკრაინულ გავლენას” - წერს ზელენსკი. სამხედრო და პოლიტიკურ ანალიტიკოსებს, ასევე, დასავლური კვლევითი ორგანიზაციების, მაგალითად ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, უკრაინული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების სისტემატურმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მწყობრიდან გამოიყვანა. ეს რუსეთში იწვევს საწვავის დეფიციტს, ექსპორტის შეზღუდვას და ომის წარმოების გაძვირებას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოქტომბერი კრიტიკული თვეა. უკრაინა ცდილობს მაქსიმალურად შეასუსტოს რუსეთის ენერგეტიკული და ლოგისტიკური ბაზა მანამ, სანამ ფრონტზე უამინდობის გამო აქტიური სატანკო და ქვეითი მანევრები შეფერხდება. მათი თქმით, რუსეთი იძულებულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები (S-300, S-400) ფრონტის ხაზიდან სიღრმეში გადაისროლოს, რათა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო აეროდრომები დაიცვას. ეს ფრონტის წინა ხაზზე უკრაინულ ავიაციასა და დრონებს მოქმედების მეტ სივრცეს აძლევს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ F-16-ების ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია შორი მანძილის დარტყმებთან. დასავლური ავიაგამანადგურებლები უკრაინას საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვას საკუთარი ცა და პარალელურად განახორციელოს მაღალი სიზუსტის საჰაერო ოპერაციები. დასავლელი სამხედრო ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სანამ დასავლეთი (განსაკუთრებით აშშ) სრულად არ მოხსნის შეზღუდვებს თავისი შორი რადიუსის რაკეტების (ATACMS, Storm Shadow) რუსეთის სიღრმეში გამოყენებაზე, უკრაინა იძულებული იქნება ძირითადი აქცენტი საკუთარი წარმოების შეიარაღებაზე გააკეთოს. ასე რომ, ანალიტიკოსების შეფასებით, ოქტომბრის ოპერაციების დამტკიცება ნიშნავს, უკრაინა ომის გადატანას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე აგრძელებს, რათა კრემლს ომის გაგრძელების ეკონომიკური და მატერიალური ფასი მაქსიმალურად გაუძვიროს”, - დასძენს გამოცემა.