თსუ-ში საქართველოს ეროვნული ატლასის და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასის და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართა. მათივე ცნობით, გამოცემები თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტმა მოამზადა.

როგორც თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, „ეროვნული ატლასი“ ძალიან მნიშვნელოვანი, უნიკალური გამოცემაა.

„ეროვნული ატლასი“ ძალიან მნიშვნელოვანი, უნიკალური გამოცემაა. ამ ერთ გამოცემაშია თავმოყრილი უნიკალური ინფორმაცია, როგორც საქართველოს გეოგრაფიაზე, ისე გეოლოგიაზე, კულტურაზე, სპორტზე; უამრავი სტატიაა, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოთი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მასზე ძალიან მაღალი დონის ქართველი და გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ. დიდი სიამაყით წარვადგინეთ ატლასი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. გარდა სამეცნიერო მხარისა, გამოცემა პოლიგრაფიულადაც ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„საქართველოს ეროვნული ატლასი“ არის სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები, მოიცავს დაახლოებით 120 რუკას, ასევე ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს. ატლასში წარმოჩენილია ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რესურსები, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, მოსახლეობა, მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური მდგომარეობა. მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევები.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკების შედგენაში გამოყენებულია მოსახლეობის ახალი აღწერის მასალები. ატლასი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს და იგი განკუთვნილია როგორც მეცნიერთა, ასევე საზოგადოების ფართო წრისათვის. ატლასი დაიბეჭდა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში, გამომცემლობა Franz Steiner Verlag-ის მიერ 2018 წელს.

თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის თქმით, „საქართველოს ეროვნული ატლასის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი არის გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტრო.

მისივე თქმით, ატლასი შესრულდა თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტში, გერმანიის გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

„გასული წელი ძალიან ნაყოფიერი იყო გეოგრაფიის ინსტიტუტისათვის, რადგან ორი უმნიშვნელოვანესი ატლასი მომზადდა“, - აღნიშნა ბოლაშვილმა.

გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ატლასის პროექტის კოორდინატორმა თსუ-ში სერჟიო ვალენტინიმ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ატლასი „იძლევა ცნობებს საქართველოს შესახებ და ასევე კავკასიის შესახებ“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ატლასთან დაკავშირებით არის ის, რომ იგი იძლევა ცნობებს საქართველოს შესახებ და ასევე კავკასიის შესახებ. რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობა უნივერსიტეტებს შორის მეცნიერებასა და განათლებაში. ჩვენ კარგი სამსახური გავწიეთ თსუ-სთან ერთად, ასევე ვმუშაობდით სხვა უნივერსიტეტებთან. სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მაძლევს იმის იმედს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მოუთმენლად ველი მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას არა მხოლოდ თსუ-სთან არამედ სხვა ქართველ მეცნიერებთან გეოგრაფიის დარგში,“- განაცხადა გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ატლასის პროექტის კოორდინატორმა თსუ-ში სერჟიო ვალენტინიმ.

„საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“ დაიბეჭდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ში. იგი არის ახალი, თანამედროვე ტიპის გამოცემა, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოს. ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელიც ატლასში წარმოდგენილი მასალის წყაროს წარმოადგენს, მკითხველისათვის შეიძლება დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად იქცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა