ქუთაისში საგზაო უსაფრთხოების დღე აღნიშნეს

ქუთაისში, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“ აღინიშნა. აქციაში ახალგაზრდები ჩაერთვნენ, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე მძღოლებს სიმბოლურ საჩუქრებს ურიგებდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტს „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“, რომლის მიზანია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება.
კამპანია 2016 წლიდან იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.

























