ზუგდიდის მერია დარჩელის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების იატაკზე დაძინებას „ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებად“ აფასებს და რეაგირების პირობას დებს

ზუგდიდის მერია დარჩელის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების იატაკზე დაძინებას „ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებად“ აფასებს და რეაგირების პირობას დებს

დარჩელის საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევას ზუგდიდის მერიაში „ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებას“ უწოდებენ. მერის მოადგილის, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგა ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის დასაძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით. ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დარჩელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი ბაღი 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. შესრულებულია საპროექტო სამუშაოების 90 %. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ბაღები აშენდება, ანაკლიაში, ჯუმში, შამგონაში ჭითაწყარში, რუხში, დარჩელში და ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე“, - განმარტა მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები თორნიკე ხარამაშვილი ამბობს, რომ ბავშვებს ამავე სოფლის ბაღში იატაკზე აძინებენ, რისი ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.