ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ - იტალიური მხატვრობის სამ საუკუნე – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და წარმოდგენილი იქნება ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი.

დამთვალიერებელი გაეცნობა XVI-XVIII საუკუნეების ჩრდილოეთ იტალიაში არსებული ფერწერის ძირითად სკოლებს – ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე) და ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი), ვენეტომდე (ბონიფაჩო დე' პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი). ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობებისა და ჟანრების – პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის – ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, მასში წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ესკიზები. გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.

იტალიური ხელოვნების გამოფენების ციკლი საქართველოში ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ქართული მხრიდან ეს ინსტიტუციებია - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი; იტალიური მხრიდან კი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის საელჩო საქართველოში.

გამოფენა იტალიურ კომპანია „Glocal Project Consulting“-თან ერთად მომზადდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა