რუსთავში, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

რუსთავში, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღის და ჯვართამაღლების აღსანიშნავი ღონისძიება, რუსთავში, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალთან დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი.

ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.

რუსთაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ (გამრეკელი) პანაშვიდი გადაუხადა აფხაზეთის ომის გმირებს, შესრულდა ქართული საგალობლები. მოგვიანებით, რუსთავის მერი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტთან მივიდა და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას.

„27 სექტემბერი ძალიან მძიმე დღეა ყველა ქართველისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, ახსოვდეს ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლეს და გმირულად დაიღუპნენ. არ შეიძლება არ გვახსოვდეს ჟიული შარტავა, რომელმაც ყველას დაგვიტოვა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს და როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერსვე, სოხუმში, მოკლეს საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი.