ლადო პაპავა - ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა თავისივე შექმნილ მცდარ სქემებში გაიხლართა, რაც სერიოზულად აზიანებს ქვეყანას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, ლარის კურსის მდგომარეობა ერთნაირად აწუხებს ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით თქვენს მიერ ამას წინათ გაკეთებულმა განცხადებამ - „ეროვნულ ბანკს უპასუხიმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს ქვეყანას“, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ხელისუფლება თავს იწონებს, რომ იგი წინამორბედების მსგავსად კრიტიკაზე მყისიერად რეაგირებს. თქვენ არა ერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება რომ კარგი იქნებოდა, თუ პრემიერთან შეიქმნებოდა ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი.

ჩემი პირველი კითხვა ასეთი იქნებოდა - თქვენს განცხადებას თუ გამოეხმაურა ან ეროვნული ბანკი, ან პრემიერის აპარატი და საერთოდ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად უგდებს ყურს ხელისუფლება თავის სფეროებში მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეულ ადამიანებს?

- ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ ჩემი ხსენებული მწვავე შეფასება განპირობა მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ფულის აგრეგატების ზრდას არ მოჰყვება ინფლაცია და ეს არც ლარის გაუფასურებას გამოიწვევსო. მათი პოზიცია არა მარტო უსუსური, არამედ აღმაშფოთებელიცაა.

ამაზე იტყვიან: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ – NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ გამოკითხულთა 34 პროცენტისათვის ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური პრობლემა, ხოლო გამოკითხულთა 49 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რაც არის კორელაციაში ლარის გაუფასურებასთან.

ყოველივე ეს კი ხდება ეროვნული ბანკის მიერ ფულის აგრეგატების ზრდის კვალობაზე. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის საშუალებით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ თავისი უკმაყოფილება შემომითვალა... გულდასაწყვეტია, როცა ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაკავებულია თავიანთი მცდარი ნაბიჯებისათვის საეჭვო თეორიული კონსტრუქციების ძიებით, და არა პასუხისმგებლიანი მონეტარული პოლიტიკის გატარებით.

გულდასაწყვეტია, როცა ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა დაკავებულია თავიანთი მცდარი ნაბიჯებისათვის საეჭვო თეორიული კონსტრუქციების ძიებით, და არა პასუხისმგებლიანი მონეტარული პოლიტიკის გატარებით

პრემიერის აპარატიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არავინ დამკავშირებია... იმავდროულად იმედს გამოვთქვამ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ითანამშრომლებს პროფესიონალთა ჯგუფებთან, რადგანაც ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ის აწყობდა შეხვედრებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.

- ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პუნქტიდან 0,75%-მდე გაზრდის შესახებ.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სავალუტო ფონდმა და ქვეყნის წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა ხმაღაღლა პირველად თქვეს - ლარი არაბუნებრივად უფასურდება და შესაბამისად იზრდება ინფლაცია. მათივე აზრით, რეფინანსირების განაკვეთის კოეფიციენტის ზრდის პირველი ეფექტი 3-4 თვის შემდეგ უნდა ველოდოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ, რამდენად შეუწყობს ის ხელს ინფლაციური პროცესების შეჩერებას?

- სწორედ იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა ფულის აგრეგატები გაზარდა, ანუ სხვა სიტყვებით გაზარდა ფულის მიწოდება, ამიტომ მოუწია საპროცენტო განაკვეთის ზრდით ფულის გაძვირება, რომ ინფლაცია მეტ-ნაკლებად მოეთოკა.

სხვა სიტყვებით, ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ ფულის აგრეგატების გაზრდა აისახება ინფლაციაზე, ანუ უარყო თავისივე ზემოხსენებული ფსევდოთეორიული განცხადება. თავის მხრივ, ფულის გაძვირება უარყოფითად აისახება ბიზნესზე, რაც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ ფულის აგრეგატების გაზრდა აისახება ინფლაციაზე, ანუ უარყო თავისივე ზემოხსენებული ფსევდოთეორიული განცხადება. თავის მხრივ, ფულის გაძვირება უარყოფითად აისახება ბიზნესზე, რაც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით, ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა თავისივე შექმნილ მცდარ სქემებში გაიხლართა, რაც სერიოზულად აზიანებს ქვეყანას...

- ჩვენს ირგვლივ მყოფთა უმეტესობა უმუშევრობითაა შეწუხებული. უმუშევრობის თემა იმის გამო გამახსენდა, რომ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 პროექტისათვის გამოყოფილი 400-მდე მილიონი ლარი ჯერაც აუთვისებელია.

ამ თემაზე კომენტარები კი მოვისმინეთ, მაგრამ რომ გითხრათ ისინი დამაჯერებლად ჟღერდა, ალბათ მოვიტყუები. წლის ბოლომდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, შესაბამისად საეჭვოა, რომ ხსენებული 27-ვე პროექტის განხორციელება მოესწოს.

თქვენ რა ახსნას მოუძებნიდით 27 პროექტთან დაკავშირებულ ცნობას და თქვენი აზრით, ამგვარი პროექტების დროულად არგანხორციელება რამდენად შეიძლება იყოს დაკავშირებული ლარის კურსის ვარდნასთან?

- ლარის კურსის გაუარესებასთან, როგორც წესი, არაერთი ეკონომიკური სფეროა დაკავშირებული. რაც შეეხება სხვადასხვა პროექტებზე აუთვისებელ თანხებს ეს პრობლემა, სამწუხაროდ, არ არის ახალი.

ამის შესახებ, ვფიქრობ, უწინარეს ყოვლისა, თავად მთავრობამ უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება, რომელსაც ჰყავს ახალი, და რაც მთავარია, ენერგიული პრემიერ-მინისტრი.

- პრემიერი მამუკა ბახტაძე საკმაოდ ბევრს და საინტერესოდაც საუბრობდა მცირე, მაგრამ ეფექტურ მთავრობაზე, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ გახშირდა საუბრები იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გამოეყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული სექტორის მაკოორდინებელი ორგანო.

ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე უწყების შექმნის სასარგებლოდ განცხადება „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა. ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო სივრცეში დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასით გაზრდილა, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასით შემცირებულა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სამინისტროების გაყოფასთან დაწყებული საუბრები და თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის მტკიცება, რომ ხელისუფლება სიპე-ებში დასაქმებულ ხალხს 2020 წლის არჩევნებში გამოიყენებს?

- ეკონომიკურ მეცნიერებაში კარგადაა ცნობილი, რომ „მცირე მთავრობა“ არ შეიძლება იყოს მიზანი, რომ მცირე მთავრობა ყოველთვის არ ჯობია შედარებით დიდ მთავრობას, რადგანაც მთავრობის შემცირებით შესაძლოა სათანადო ხარჯების ტვირთი უშუალოდ გადავიდეს ცალკეულ ინდივიდებზე, რაც საბოლოოდ საზოგადოებას ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება.

ის, რაც თავის დროზე გააკეთეს პრემიერმა კვირიკაშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ, ჯერ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებით, რაც აშკარად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი იყო, შემდეგ კი განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერთებით, სულაც არ ნიშნავდა მთავრობის შემცირებას.

ამგვარი მთავრობის ე.წ. „რეფორმა“ იყო ინსტიტუციური შეცდომა, რაზეც არაერთხელ ვამახვილებდი საზოგადოების ყურადღებას, და თუ ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიერთებული სამინისტროები აღდგება, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

მთავრობის ე.წ. „რეფორმა“ იყო ინსტიტუციური შეცდომა და თუ ახალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიერთებული სამინისტროები აღდგება, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები

- სულ მალე 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრების თემა საკმაოდ აქტუალური იქნება. როგორც კი 2020 წლის პარამეტრების გარკვეული ნაწილი პრესისთვის ცნობილი გახდა, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც კი გამოთქვეს.

კერძოდ, ბევრი თვლის, რომ მთავრობა ბიუჯეტს ვალების ხარჯზე ზრდის, რითაც ლარის გამყარების შანსი მოისპობა. მათივე მტკიცებით, ასე იქნება იმის, გამო, რომ მეტი ვალის აღება ნიშნავს მეტ ხარჯვას დღესვე, ეს კი გაზრდის ინფლაციურ წნეხს.

თუ ასეა რა გამოდის - ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების 2020 წლის გეგმებში ლარის გამყარებაზე ზრუნვა არ შედის და არც უნდა ველოდოთ?

- ლარის გამყარება არ შეიძლება იყოს მიზანი, რადგანაც ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებზე. აუცილებელია ლარის სტაბილურობის შენარჩუნება, როცა გვექნება რეგულირებადი მცურავი და არც ერთ შემთხვევაში ფიქსირებული გაცვლითი კურსი.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ვისურვებდი, რომ მასში მკაფიოდ აისახოს განათლების და მეცნიერების პრიორიტეტულობა. ძალიან კარგია, რომ დაგეგმილია სკოლის მასწავლებელთა ხელფასების ზრდა. ამასთან ერთად, მთავრობას მივმართავ თხოვნით არ დაივიწყოს პროფესურა და სამეცნიერო ინსტიტუტებში დასაქმებულ მეცნიერთა ხელფასებიც, რადგანაც თუ ჩვენ არ გვეყოლა „მასწავლებლის კარგი მასწავლებელი“ განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ განვითარდება.

ვისურვებდი, რომ ბიუჯეტში მკაფიოდ აისახოს განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობა

აუცილებელია ახალგაზრდობა დავაინტერესოთ მეცნიერებით, რაც შეუძლებელია მეცნიერთა შრომის ანაზღაურების არსებითი ზრდის გარეშე. აუცილებელია შეიცვალოს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა, რათა მათ ჰქონდეთ სერიოზული საბიუჯეტო დაფინანსება.

აუცილებელია ახალგაზრდობა დავაინტერესოთ მეცნიერებით, რაც შეუძლებელია მეცნიერთა შრომის ანაზღაურების არსებითი ზრდის გარეშე. აუცილებელია შეიცვალოს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა, რათა მათ ჰქონდეთ სერიოზული საბიუჯეტო დაფინანსება

მე, როგორც ზოგადად მეცნიერების, და კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლობისტი, მთავრობის ყურადღებას მივაქცევ ამ ორი ინსტიტუციის ხელშეწყობის აუცილებლობას, რომ ახალგაზრდობამ ირწმუნოს სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობა და პირი იბრუნოს მეცნიერებისკენ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძვნებული ეკონომიკის შექმნა.

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებამ შიგა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები აშკარად დააჩქარა. ვგულისხმობ იმას, რომ ახლა რაც არ უნდა ხდებოდეს, სწორედ 2020 წლის არჩევნებისათვის მზადებად აღიქმება და მიიჩნევა.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნებამდე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმ ტენდენციებს, რომლებიც უკვე თითქოს გამოკვეთილია კიდეც?

- მივესალმები კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით ხელოვნური ბარიერის გარეშე. ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

მივესალმები კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით ხელოვნური ბარიერის გარეშე

უნდა ველოდოთ პარლამენტის გარეთ არსებული პარტიების მნიშვნელოვან გააქტიურებას და ახალი პოლიტიკური პარტიების ფორმირებას, რაც, საბოლოო ჯამში, სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს შეუწყობს მოსახლეობაში პოლიტიკური კულტურის თანდათანობით ამაღლებას.

- ოპოზიციის მტკიცებით, გახარიას გაპრემიერება და ძალოვან უწყებებში საკადრო გადაადგილებები იმას ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა ერთი წლით ადრე შექმნა მთავრობა, რომელმაც მას მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა უზრუნველყოს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგული ელექტორატი დაიბრუნოს?

- საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი დიდ დროდ ვერ ჩაითვლება... ბევრია დამოკიდებული მთავრობის მიერ სწორად გადადგმულ ნაბიჯებზე.

თუმცა „ქართული ოცნების“ ელექტორატის გაზრდისთვის არსებითი მნიშვნლობა ექნება პარლამენტის მიერ მოსამართლეთა ისეთ შერჩევას, როცა საზოგადოებაში სახელგატეხილი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში ვერ შეაღწევენ.

„ქართული ოცნების“ ელექტორატის გაზრდისთვის არსებითი მნიშვნლობა ექნება პარლამენტის მიერ მოსამართლეთა ისეთ შერჩევას, როცა საზოგადოებაში სახელგატეხილი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში ვერ შეაღწევენ

ცალკე თემაა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი...

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბევრ რამეს საყვედურობენ. შეწყალებების თემაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები არც არაფერია. ამ თემას კიდევ მისი გაეროში გამოსვლაც დაემატა, რომელიც ზოგმა მოიწონა, ზოგი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას?

- პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი და შემდეგ მასზე პრეზიდენტის რეაგირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი და შემდეგ მასზე პრეზიდენტის რეაგირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

რაც შეეხება გაეროში მის გამოსვლას, ეს ის შემთხვევაა, როცა სრულად ვიზიარებ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის პოზიციას, რომ ქალბატნ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდით...

- თსუ-ში შესული აუდიტის სამსახურის შემოწმების დასკვნაზე ბევრს საუბრობენ და ხელს თქვენკენ, როგორც თსუ-ს ყოფილი რექტორისკენ იშვერენ. თქვენ რას ეტყოდით მათ, ვინც ამ თემას თქვენს წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებას ცდილობს?

- მე თსუ-ს რექტორი აღარ ვარ 2016 წლის 20 აპრილის შემდეგ, ხოლო სახელმწიფო აუდიტის დასკვნა მოიცავს ჩემი რექტორობის შემდგომ პერიოდსაც. ზოგიერთმა ტელევიზიამ, არა ყველამ, ისე წარმოაჩინა საკითხი, რომ ეს პერიოდები ხაზგასმით არ გაჰყო, რის გამოც მაყურებელს უნდა შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ ჩემი რექტორობის შემდეგ წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემა, (რაზეც უნივერსიტეტის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ საჯარო პასუხი უკვე გასცა კიდეც) ჩემ სახელთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ნამდვილად არ ვიცი, ეს ამ ტელევიზიებმა შეგნებულად გააკეთეს, თუ შეუგნებლად, არაპროფესიონალიზმით მოუვიდათ, თუ გამიზნული მიკერძოებულობით, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ საკითხის გაშუქება, სამწუხაროდ, იყო არაკეთილსინდისიერი.

ცალკე თემაა რექტორის ინიციატივით 2014 წელს უნივერსიტეტის მიერ მისი ავტორობით Nova Science Publishers-ის მერ აშშ-ში გამოცემული წიგნების შეძენა, რაშიც თსუ-ს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 23 ათას ლარზე მეტი.

ცნობისათვის, ამ თანხით ნაყიდია ჩემი ავტორობით აშშ-ში ინგლისურ ენაზე გამოსული ოთხი წიგნი, აქედან სამი 50-50 ცალი თითოეული, ხოლო მეოთხე 40 ცალი, სულ 190 ცალი.

თითოეულის ფასი იყო, შესაბამისად, 52, 75, 110 და 144 აშშ დოლარი. როცა წიგნებს გამომცემლობიდან ყიდულობს უშუალოდ ავტორი ფასს აკლდება 20%, რაც არის ავტორის კუთვნილი ჰონორარი. რადგანაც შეძენილ იქნა წიგნების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამომცემლობამ უფრო დიდი ფასდაკლება შემოგვთავაზა, რამაც შეადგინა საწყისი ფასის 40%.

ნებისმიერი სხვა გზით წიგნების შეძენა ამგვარი ფასდაკლებით შეუძლებელი არის, რადგანაც ტენდერით შერჩეული კომპანია ამ შესყიდვის განსახორციელებლად საწყის გასაყიდ ფასს დაუმატებს ფასნამატს (საკუთარ გასამრჯელოს), ხოლო ავტორი ჰონორარის სახით კუთვნილ 20%-საც მიიღებს, რაც ჩემ შემთხვევაში მე არ მიმიღია. შესყიდვის ყველა დოკუმენტი ინვოისების ჩათვლით თავის დროზევე წარდგენილ იქნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. შეძენილი წიგნების ნაწილი თავიდანვე გადაეცა თსუ-ს ბიბლიოთეკას.

დანარჩენი წიგნები გათვალისწინებული იყო უცხოელებისთვის, უმთავრესად საზღვარგარეთის უნივერსიტეტების სასაჩუქრე პაკეტებში, სადაც ჩემი წიგნების გარდა, როგორც წესი, შედიოდა „ქართლის ცხოვრების“ ინგლისურ- ან რუსულენოვანი ეგზემპლარი და ინგლისურენოვანი წიგნი თსუ-ს ისტორიის შესახებ. როცა უნივერსიტეტის რექტორი მეცნიერია და არა უბრალოდ ადმინისტრატორი, საკუთარი წიგნების სასაჩუქრე პაკეტში შეტანა საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკაა.

ჩემთვის უცხოელი კოლეგა რექტორების მიერ გადმოცემული წიგნები პირდაპირ ეძლეოდა თსუ-ს ბიბლიოთეკას. იგივე სქემა ეხება ჩემს მიერ მათთვის ნაჩუქარ წიგნებსაც. რექტორობიდან ჩემი წასვლის შემდეგ გაუცემელი დარჩა ამ წიგნების ნაწილი და დღეს თსუ-ს ბიბლიოთეკაში არის თითოეული დასახელების წიგნის ათიდან ოც ეგზემპლარამდე.

ჩემს წინააღმდეგ ამ ცრუ ბრალდების აგორება ემსახურება ჩემი რეპუტაციის შელახვას საზოგადოების თვლაში, რაც აშკარაა, რომ მავანთა და მავანთა ინტერესშია. ნამდვილად არ ვიცი ვისი ზეწოლით შეიტანა თავის დასკვნაში აუდიტის სამსახურმა ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც თსუ-მ არა თანხების გადახარჯვა, არამედ ეკონომია მიიღო.

ჩემს წინააღმდეგ ამ ცრუ ბრალდების აგორება ემსახურება ჩემი რეპუტაციის შელახვას საზოგადოების თვლაში, რაც აშკარაა, რომ მავანთა და მავანთა ინტერესშია. ნამდვილად არ ვიცი ვისი ზეწოლით შეიტანა თავის დასკვნაში აუდიტის სამსახურმა ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც თსუ-მ არა თანხების გადახარჯვა, არამედ ეკონომია მიიღო

ნამდვილად არ მინდოდა ჩემი რექტორობის პერიოდთან დაკავშირებული ზოგიერთი მომენტის გასაჯაროება, მაგრამ რადგანაც საქმე ჩემ რეპუტაციას ეხება, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ზოგიერთი რამ მოვახსენო მკითხველს, განსაკუთრებით სტუდენტობას და კოლეგებს.

2013 წელს, როცა რექტორად ამირჩიეს IDFI-ს მიერ თსუ-მ გაუმჭვირვალეობის სერტიფიკატი მიიღო, ხოლო 2015 წლის შედეგებით თსუ უკვე აღიარებულ იქნა სრულად გამჭვირვალე ინსტიტუციად.

რექტორად არჩევის შემდეგ პირველი რაც გავაუქმე ეს იყო რექტორის ყოველთვიური დანამატი და ყოველკვარტალური პრემია, ხოლო პრემია, რომელიც მეძლეოდა, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს ხელფასის ნაწილთან ერთად სრულად ირიცხებოდა ამ ფაკულტეტის წარჩინებული, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტების დასაფინანსებლად შექმნილ „სწავლის ხელშეწყობის ფონდში“.

ჩემი ინიციატივით შემოღებულ იქნა რექტორის სტიპენდია, რომელიც გაიცემოდა ჩემივე ხელფასიდან თვეში 250 ლარის ოდენობით, ხოლო რექტორის სტიპენდიატს შეარჩევდა სპეციალური კომისია, რომელშიც რექტორი არ მონაწილეობდა.

გარდა ამისა ყოველ სემესტრში ხელფასიდან სრულად ვაფინანსებდი კარგი მოსწრების მქონე ერთი ხელმოკლე სტუდენტის სწავლის საფასურს, ისე, რომ მას არც სცოდნოდა, რომ უშუალოდ რექტორი ეხმარებოდა.

სულ ჯამში, რექტორის ხელფასიდან 2 წლის და 8 თვის განმავლობაში სტუდენტების მხარდასაჭერად დაიხარჯა 17 ათას ლარზე მეტი. გარდა ამისა, ჩემს მიერ რექტორობის პერიოდში ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 2500 ერთეულზე მეტი სამეცნიერო-სასწავლო დანიშნულების წიგნი და 850 ერთეულზე მეტი სამეცნიერო-პერიოდული გამოცემა.

სულ ჯამში, რექტორის ხელფასიდან 2 წლის და 8 თვის განმავლობაში სტუდენტების მხარდასაჭერად დაიხარჯა 17 ათას ლარზე მეტი. გარდა ამისა ჩემ მიერ რექტორობის პერიოდში ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 2500 ერთეულზე მეტი სამეცნიერო-სასწავლო დანიშნულების წიგნი და 850 ერთეულზე მეტი სამეცნიერო-პერიოდული გამოცემა

თსუ-ს ბიბლიოთეკამ შექმნა ჩემი, როგორც ყოფილი რექტორის სახელობის ფონდი, რომელსაც დღესაც პერიოდულად საჩუქრად ვაძლევ შესაბამის ლიტერატურას. ნამდვილად არ მეგონა, თუ კი ამაზე დამჭირდებოდა ხმამაღლა საუბარი...

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების დასკვნაში ასევე წერია, რომ თქვენი, როგორც რექტორის მხრიდან ამ წიგნების შესყიდვისას ზეწოლის ქვეშ იყო თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ეს ჩანაწერი აშკარად არაკვალიფიციურია, რადგანაც რექტორს ადმინისტრაციის ხელმძღვანლის არც დანიშვნის და არც მოხსნის რაიმე ბერკეტი არ გააჩნია. შესაბამისი კანონის თანახმად რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ის პასუხისმგებელია მის წინაშე, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ირჩევს უნივერსიტეტის სენატი და ის პასუხისმგებელია მის წინაშე.

ცუდია, როცა გაბრალებენ, რომ თითქოს „აქლემი ხარ“, ხოლო შენ კი გიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ასე არ არის...

2013 წელს, როცა რექტორად ამირჩიეს დამხვდა სენატის მიერ ადრე არჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელთანაც გვქონდა საქმიანი თანამშრომლობა, თუმცა მე მისი უფროსი ვერ ვიქნებოდი.

ცუდია, როცა გაბრალებენ, რომ თითქოს „აქლემი ხარ“, ხოლო შენ კი გიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ასე არ არის...

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო