მეექვსეკლასელი გოგონა, რომლის გამოც გუშინ, რუსთავის #5 სკოლაში ხმაური იყო, გაკვეთილებს ესწრება

რუსთავის #5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე მოსწავლის მშობელი იმყოფება. მათი განმარტებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი პრევენციის მიზნით იმყოფებიან, იმისათვის, რომ რაიმე ექსცესი კვლავ არ მოხდეს. მეექვსეკლასელი მოსწავლე, რომლის გამოც გუშინ სკოლაში ხმაური იყო, გაკვეთილების პროცესს ესწრება.

გუშინ #5 საჯარო სკოლაში ხმაური იყო და სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. მშობლების ნაწილი და მოსწავლეები პროტესტის ნიშნად სკოლის ეზოში იყვნენ შეკრებილები, ისინი მე-6 კლასელი გოგონას მხრიდან მუსიკის მასწავლებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს აპროტესტებდნენ.

მშობლების ნაწილი გოგონას სკოლიდან გარიცხვას კატეგორიულად მოითხოვდა. მეექვსეკლასელი გოგონას დედას ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ეს უკანასკნელი კი ამტკიცებდა, რომ მის შვილს პედაგოგი კიბეზე არ დაუგორებია. მეექვსეკლასელი გოგონას დედა შვილის სხვა სკოლაში გადაყვანაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ პირიქით, მის შვილს მიაყენა მუსიკის მასწავლებელმა მაისის თვეში ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოსწავლის მიმართ რაიმე ფიზიკური ძალადობის ან შეურაცხყოფის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ მეექვსეკლასელი გოგონა მას სისტემატურად უთვალთვალებდა და უღებდა ფოტოებს, პარასკევს კი დერეფანში აედევნა და კიბეზე ჩასვლისას ხელი ჰკრა, შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. პედაგოგი მკურნალობის კურსს კლინიკა ,,რუსთავში“ გადიოდა და ის სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინ გაეწერა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, #5 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც ცემას ან სხვა სახის დაზიანების მიყენებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს ნანა წიქარიშვილი და მე-6 კლასელი გოგონა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მე-5 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელ გოგონასთან ფსიქოლოგი და სოცმუშაკი 2015 წლიდან მუშაობს.

იხილეთ ვიდეო: რუსთავის #5 საჯარო სკოლაში, სადაც გუშინ ხმაური იყო, სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა