ზაალ ანჯაფარიძე  - უნდა ვაღიაროთ, რომ ეს 7 წელი იყო საზოგადოებაში დიდი მოლოდინების, იმედების გაცრუების და არაერთი შეუსრულებელი დაპირების  პერიოდი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, შიდა პოლიტიკაში დაჩქარებულ-დამკვრელური ტემპებით მიმდინარე პოლიტიკური პროცესი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

რადგან ახლა ყველაზე აქტუალური თემაა თუ როგორ პოლიტიკურ ფორმაში შეხვდებიან ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი საუბარის დაწყება ამ თემაზე მინდა შემოგთავაზოთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას, უკვე მეტ-ნაკლებად ხელშესახებ ტენდენციების კონტურებს და იმას, რაც ახლა ხდება არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით?

- ფიზიკის ენით ვიტყოდი, რომ არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობა გვაქვს. 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა სერიოზული და მწარე გაკვეთილები მიიღეს. ეხლა ისინი ფაქტიურად საარჩევნო რეჟიმში და სტრატეგიებისა და ტაქტიკების დალაგების პროცესში არიან.

ეხლა პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები, ფაქტიურად, საარჩევნო რეჟიმში და სტრატეგიებისა და ტაქტიკების დალაგების პროცესში არიან

სხვათა შორის, ამ პროცესში კარგად ჩანს თუ რამდენად დაბალ დონეზეა ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ამის მკაფიო გამოხატულება იყო თუნდაც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სპეკულაციები ეროვნულ ტრადიციებთან და სარწმუნოებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ვხედავთ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას და მათი ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე გამოჩნდება, მას შემდეგ რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ფეხს მოიმაგრებენ.

ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური ძალები ასევე შეეცდებიან 20 ივნისის შედეგად გამოკვეთილი ახალგაზრდული პასიონარული ჯგუფების საარჩევნოდ გამოყენებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შეძლებს თუ არა პარლამენტი პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებაზე საკონსტიტუციო შესწორების მიღებას. ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული მომავალი არჩევნების სცენარი და პარლამენტის კონფიგურაცია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შეძლებს თუ არა პარლამენტი პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებაზე საკონსტიტუციო შესწორების მიღებას. ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული მომავალი არჩევნების სცენარი და პარლამენტის კონფიგურაცია

- 1 ოქტომბერს 7 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოდესღაც მონოლითური და ძლევამოსილი „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დაამარცხა და ხელისუფლებაში მოვიდა. 2012 წელს „ოცნებას“ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, „ნაციონალები“ არჩევნებს არ წააგებდნენ.

ახლა როცა, „ქართული ოცნება“ 7 წელია მართავს ქვეყანას, 2020 წლის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, სრულიად გასაგები მიზეზების გამო აქტუალურია ივანიშვილისა „ქართული ოცნების“ მმართველობის 7 წლის შედეგებზე საუბარი.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ 7 წლიან მმართველობას?

- პერიოდული რყევების მიუხედავად ეს 7-წლიანი პერიოდი მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდებოდა. ახალი ხელისუფლების რუსეთთან შედარებით პრაგმატული პოლიტიკის შედეგად მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებითი დაწევა, რაც ქვეყნის ინტერესებს ნამდვილად წაადგა.

პერიოდული რყევების მიუხედავად ეს 7-წლიანი პერიოდი მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდებოდა

ასევე მოხდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე აწევა, რაც გამოიხატა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებითა და უვიზო მგზავრობის შემოღებით. ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღება, რომელმაც მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ძალიან ბევრ შეჭირვებულ ადამიანს მოუტანა შვება, რომელთათვისაც სამედიცინო სერვისები პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო.

7 წლის მანძილზე ქვეყანაში გაქრა შიშის სინდრომი ადრე დამოკლეს მახვილივით რომ ეკიდა მოქალაქეების თავზე, უფრო დემოკრატიული გახდა გარემო, მეტი თავისუფლებები მიიღეს სამოქალაქო სექტორმა და მედიამ. ამიტომ, ძალიან მეცინება მათზე ვინც დღეს საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებაზე ლაპარაკობს.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს 7 წელი იყო საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინებისა და იმედების გაცრუების და არაერთი შეუსრულებელი დაპირების პერიოდიც.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს 7 წელი იყო საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინებისა და იმედების გაცრუების და არაერთი შეუსრულებელი დაპირების პერიოდიც

დაუშვებლად მომატებულია კრიმინალის დონე და მიღებული ზომები ჯერჯერობით შედეგს ვერ იძლევა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა, ეს ყოველივე მმართველი პარტიისათვის განგაშის ზარია.

დაუშვებლად მომატებულია კრიმინალის დონე და მიღებული ზომები ჯერჯერობით შედეგს ვერ იძლევა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა, ეს ყოველივე მმართველი პარტიისათვის განგაშის ზარია

- შეგიძლიათ დაასახელოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაფიქსირებული სამ საქმე, რომელსაც საზოგადოების დიდი უმეტესი ნაწილი პლიუსად აღიქვამს?

- ნაწილობრივ უკვე დავასახელე, შემიძლია დავამატო ც-ჰეპატიტის სრულიად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა, ასევე დევნილების საცხოვრისით დაკმაყოფილების პროგრამა, რაც არ კეთდებოდა წინა ხელისუფლების დროს.

- შეგიძლიათ დაასახელოთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაფიქსირებული სამი საქმე, რომელსაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი მინუსად აღიქვამს?

- ვფიქრობ ეს არის გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები, ის რომ წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულმა ათასობით ადამიანმა სამართალი ვერ იპოვა, ლარის გაუფასურება რაც ძალიან ურტყამს მოქალაქეთა ჯიბეს.

იმ სამი საქმის ჩამონათვალი, რომელსაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი მინუსად აღიქვამს, სავარაუდოად ასეთია - გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები, ლარის გაუფასურება და კონფლიქტის ზონებში მიმდინარე სადერმაკაციო ხაზის ჩვენი ტერიტორიის შიგნით შემოწევა ოკუპანტების მიერ, აქედან გამომდინარე შედეგებით

ასევე კონფლიქტის ზონებში მიმდინარე სადერმაკაციო ხაზის ჩვენი ტერიტორიის შიგნით შემოწევა ოკუპანტების მიერ, აქედან გამომდინარე შედეგებით.

- „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა. ის, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივ იქნა განხორციელებული ვიცით. საკამათოა კიდევ რამდენად იქნა განხორციელებული, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამაც გაკეთდა.

მაგრამ, ის, რაც ახლა მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი დაჟინებით და ურცხვადაც კი აშკარად ლობირებს მოსამართლეთა იმ ჯგუფს, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს მართმსაჯულების სისტემაში მოღვაწეობით აშკარად დამძიმებული არიან წარსულით. მეტიც, იმ ტიპის არაკვალიფიციურობას ავლენენ, რომ მათზე ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანებიც კი ქილიკობენ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ ლობირებს „ქართული ოცნება“ იმ მოსამართლეებს, რომელთა უდიდესი ნაწილის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია?

- ვფიქრობ, აქ რამდენიმე ფაქტორია გადაჯაჭვული. პირველი ის, რომ ჩვენთან როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს სასამართლო ხელიდან არ გაექცეს.

მეორე ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რიგი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო გადაწყვიტა ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინა მოსამართლეთა არსებული კორპუსი და უარი თქვა მის ტოტალურ წმენდასა და ახალი კადრებით ჩანაცვლებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე იცის სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელთა თანახმადაც, უნდობლობის მიუხედავად, სასამართლო სისტემა მოსახლეობისთვის პრობლემურ საკითხების ჩამონათვალის პირველ ათეულშიც კი არ არის.

„ქართულმა ოცნებამ“ იცის სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელთა თანახმადაც, უნდობლობის მიუხედავად, სასამართლო სისტემა მოსახლეობისთვის პრობლემურ საკითხების ჩამონათვალის პირველ ათეულშიც კი არ არის

- დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ოპონენტები, მათ ვინც უკნასკნელი 7 წლის მანძილზე მედიის თავისუფლებისა და მეტი საერთოდ თავისუფლების ზრდის ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას, აუცილებლად შეახსენებდნენ „რუსთავი-2“-ის ისტორიას, ასევე ტვ-„პირველთან“ დაკავშირებით ამას წინათ ატეხილ ხმაურს. ასევე „გამრჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქუაშვილის დაკავებას და ამავე პარტიის წევრის გურამ ჩალაგაშვილის დაკავების მცდელობას. აღარაფერს ვამბობ იმას, რომ ნიკა მელია დღემდე სამაჯურით დადის.

მელიას თემა რომ გვერდზე გადავდოთ, 7 წლის მანძილზე „ოცნების“ ხელისუფლებას ოქუაშვილის წინააღმდეგ საქმის ძიება ადრეც შეეძლო, მაგრამ მათ ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, როცა ირაკლი ოქუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნება მოინდომა. იგივე ითქმის „ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ეკა ბესელიაზე. ახლა ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ არა ერთ თავისივე თანაგუნდელს აშანტაჟებს.

თქვენ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც „ნაციონალების“ ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს აკრძალული მეთოდებით ებრძვის?

ცალკე საუბრის თემაა ხაზარაძე-ჯაფარიძე, ანაკლიის პორტის პროექტი და მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმე...

- ვერც „რუსთავი-2“-ს და ვერც ტვ-„პირველის“ შემთხვევები ვერ გამოდგება მაგალითებად. „რუსთავი-2“-მა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მხოლოდ მფლობელი შეიცვალა და როგორც ვხედავთ, საკმაოდ კრიტიკული ტონით აგრძელებს მაუწყებლობას.

ტვ-პირველი დარჩა კრიტიკულ ტელევიზიად, იქ არც სპეცრაზმი შევარდნილა და არც ფინანსური პოლიცია შესულა მოულოდნელი შემოწმებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობები მათი მფლობელების კანონთან არსებული პრობლემები, მედიაზე ზეწოლის მცდელობად წარმოეჩინათ.

თუ მიიჩნევა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს აკრძალული მეთოდებით ებრძვის, უპრიანი იქნებოდა გვეკითხა - რა მეთოდებით ებრძვიან მას ოპონენტები?! 20-21 ივნისის მოვლენები ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ.

არც ერთს და არც მეორე მხარეს, ვგულისხმობ ოპოზიციას და ხელისუფლებას არ ვამართლებ, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ავლენს შეურიგებლობას, ეს მეორე მხარის პოზიციასაც შეურიგებლობის ჩარჩოებში ათავსებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ჩვენი პოლიტიკური კულტურის დაბალი დონეა და სამწუხაროდ ამ კუთხით პროგრესი არ იკითხება.

არც ერთს და არც მეორე მხარეს, ვგულისხმობ ოპოზიციას და ხელისუფლებას არ ვამართლებ, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ავლენს შეურიგებლობას, ეს მეორე მხარის პოზიციასაც შეურიგებლობის ჩარჩოებში ათავსებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ჩვენი პოლიტიკური კულტურის დაბალი დონეა და სამწუხაროდ ამ კუთხით პროგრესი არ იკითხება

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, საკითხის პოლიტიზირების მცდელობა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის. არსებული პრობლემების მიუხედავად, ალბათ სასურველია, რომ პორტის მშენებლობა არსებულმა კონსორციუმმა განახორციელოს, თუკი მას ამის უნარი შესწევს რა თქმა უნდა. ვფიქრობ წლის ბოლოს ამ კუთხით ბევრი რამ გაირკვევა.

- 20 ივნისის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ თვალშისაცემი იყო უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სერიოზული განსხვავება, რაც ქმნიდა სამოქალაქო ომის თუ არა დაპირისპირების წინაპირობას.

პოლიტიკური სეზონის დაწყებამდე იყო მოლოდინი, რომ სწორედ ამ ტიპის დაპირისპირება იყო სახიფათო ქვეყნისთვის. თუ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას აშშ-ს საელჩოსთან არ ჩავთვლით, სექტემბერი ისე მიილია, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებამ ქუჩიდან პარტიებს შორის გარჩევებში გადაიზარდა.

ვინც ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ პროცესს, ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, მაგრამ ახლა რაც ხდება „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სულ ცოტა ხნის წინაც კი წარმოუდგენელი იყო.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ „ნაციონალებსა“ და ევროპულ დემოკრატებს“ შორის დაწყებულ საკმაოდ მნიშვნელოვან თემებზე კამათს საჯარო სივრცეში?

- ორივე მხარის ქცევაზე დაკვირვებაა საჭირო, რომ გავიგოთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში რელიგია და ეროვნული ტრადიციები ისეთი თემებია, რომლებზედაც ყველა პოლიტიკური ძალა თუ ლიდერი ცდილობს მონაგარის მოპოვებას და არცთუ უსაფუძვლოდ.

ამიტომაც ამ სფეროში საკუთარი თავის რეაბილიტაციისათვის სააკაშვილს, შემთხვევით არ აურჩევია სამიზნედ ბოკერია, რადგანაც ფართო საზოგადოების თვალში სწორედ ის აღიქმებოდა და აღიქმება ტრადიციებისა და ეკლესიის მიმართ აგრესიული ულტრალიბერალური მიდგომების ერთ-ერთ სიმბოლოდ. თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს ბოკერიასთან შესაძლოა პიროვნული პრობლემებიც ჰქონდეს.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს ბოკერიასთან შესაძლოა პიროვნული პრობლემებიც ჰქონდეს

- მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელმა სატელევიზიო ინტერვიუმ ტვ-„მთავარზე“ დიდი აჟიოტაჟი და კამათი გამოიწვია. თავი რომ გავანებოთ რელიგიურ თემებზე მის მსჯელობას, მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზე პასუხიმგებლობის გიგა ბოკერიაზე გადაბრალებას, ფაქტია, რომ საზოგადოებამ აშკარად სხვა სააკაშვილი იხილა.

გია ნოდიას აზრით - „სააკაშვილი როგორ პოლიტიკოსი მარგინალიზაციისკენ მიდის, ეს მისი პრობლემა და ტრაგედიაა, მაგრამ ახლა იგი თავისი ქმედებებით ეხმარება ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენაში. ეს კი უკვე ჩვენი პრობლემაა“.

როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობისთვის ბრძოლაში სააკაშვილი თავის ძირითად ოპონენტად გიგა ბოკერიას განიხილავს და სულაც არა გასაკვირი მისი მხრიდან ბოკერიაზე თავდასხმები. უცნაური ისაა, რომ სააკაშვილი ბოკერიას იმავე ლექსიკით აკრიტიკებს, როგორც ირმა ინაშვილი, მაგრამ შესაძლოა, არც ეს იყოს მთავარი.

მთავარი ალბათ ისაა, აქვს თუ არა გაცნობიერებული სააკაშვილს, რომ როგორც ბატონი გია ნოდია ამბობს - სააკაშვილი „თავისი ქმედებებით ივანიშვილს ხელისუფლებაში დარჩენაში ეხმარება“?

- დავიწყებ პასუხით ბოლო კითხვაზე, სააკაშვილს რომ გაცნობიერებული ჰქონდეს თუ რამდენად კარგად ეხმარება ის „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს გაიმყარონ პოზიციები და შეინარჩუნონ ხელისუფლება, სხვანაირად მოიქცეოდა.

ის უკვე ორ არჩევნებში „დაეხმარა“ მმართველ პარტიას და წესით უნდა მიხვედრილიყო ამას. ამიტომაც, მოსაზრება მის მარგინალიზაციაზე, შესაძლოა მთლად შორს არც იყოს სიმართლისგან .

როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ორთოდოქსულ და კონსერვატიულ ელექტორატზე დაიწყოს მუშაობა. თუმცა, მას შემდეგ რაც ოპოზიციურ ფლანგზე მამუკა ხაზარაძე გამოვიდა თავისი პოლიტიკური პარტიით, ისეთი პირი უჩანს, ამავე ფლანგზე შემოაბიჯებენ სხვა მოთამაშეებიც, შედარებით სუფთა რეპუტაციით და ამ კატეგორიის ელექტორატში ავტორიტეტით, სააკაშვილის მცდელობები ახალ ამპლუაში წარუდგეს ამომრჩეველს, შეიძლება ფუჭიც აღმოჩნდეს.

როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ორთოდოქსულ და კონსერვატიულ ელექტორატზე დაიწყოს მუშაობა... თუმცა, სააკაშვილის მცდელობები ახალ ამპლუაში წარუდგეს ამომრჩეველს, შეიძლება ფუჭიც აღმოჩნდეს

- „ოცნების“ ინიციატივა 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპრციული სისტემით, უბარიეროდ ჩატარდეს ბევრი იწონებს, მაგრამ ბევრი ითხოვს 3%-იან ბარიერსა და იმას, რომ პოლიტიკურ ბლოკებს მიეცეთ ერთიანი ბლოკით არჩვნებში მონაწილეობა. „ოცნებას“ უბარიერო წესით პარლამენტში მოხვედრილებთან თანამშრომლობის პერსპექტივა უფრო ხიბლავს, მაგრამ ბლოკების აკრძალვისას საუბრისას, ავიწყდება, რომ 2012 წლის „გამოშვების“ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად სხვადასხვა პარტიების ბლოკი იყო.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, საბოლოოდ რომელ ვარიანტს მიიღებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა?

- ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია, ეს ვარიანტი გათვალისწინებული ჰქონდა.

„ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ პარლამენტშმა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციული სისტემით, უბარიეროდ ჩატარების შესახებ, რადგანაც შექმნილ სიტუაციაში მისთვის ეს საუკეთესო არჩევანია

ვფიქრობ, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ პარლამენტშმა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციული სისტემით, უბარიეროდ ჩატარების შესახებ, რადგანაც შექმნილ სიტუაციაში მისთვის ეს საუკეთესო არჩევანია.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა