ბოლნისში „სამოქალაქო მოძრაობის" რეგიონული ოფისი გაიხსნა

ბოლნისში "სამოქალაქო მოძრაობის" რეგიონული ოფისი გაიხსნა. თბილისის, ქუთაისის, თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, ეს მოძრაობის რიგით მეექვსე წარმომადგენლობაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო მოძრაობიდან“ აცნობეს, ოფისის გახსნას მოძრაობის ხელმძღვანელები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, ბოლნისის ოფისს მალხაზ ერაძე უხელმძღვანელებს.
"ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხალხის და მით უმეტეს, რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანების ხმა არავის ესმის. მათ პრობლემებზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ჩვენ გვინდა, რომ ქვემო ქართლსა და ბოლნისში მცხოვრებლებს ეგულებოდეთ ადგილი და ადამიანი, რომელიც მათ დარდს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიიტანს. ჩვენ ვეცდებით, რომ „სამოქალაქო მოძრაობა“ იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში" - აღნიშნა „სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა.
„სამოქალაქო მოძრაობა“ 2018 წლის დეკემბერში დაარსდა. მათი ინფორმაციით, მოძრაობა 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში იქნება წარმოდგენილი.
„მოძრაობის მიზანია, საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა, საზოგადოებიდან ახალი ლიდერების წარმოჩენა და მოქალაქეთა ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. განათლება, ჯანდაცვა და ურბანული მიმართულებები მოძრაობის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























