ნატოში აშშ-ს ელჩი - ნატოში გაწევრიანებისთვის უნდა გქონდეთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი პრესა

რუსეთის ტაქტიკაში შედის, ეცადოს, ზიანი მიაყენოს საქართველოს შანსებს თავისუფლებისა და იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც გასატარებელია ნატოში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეი ჰაჩინსონმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

მან ისაუბრა ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი არსებობს.

„შევხვდით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ვისაუბრეთ, თუ რამდენად გვინდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს და გვსურს, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მომზადებისთვის. ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ძალიან ძლიერია, ვაფასებთ საქართველოს, რომელსაც უზარმაზარი წვლილი შემოაქვს ჩვენს მისიაში ავღანეთში, ტერორიზმთან ბრძოლის მცდელობის მხრივ, საქართველო ამისთვის მთავარი პარტნიორია. ასე რომ, ძალიან მოხარულები ვართ პრემიერ-მინისტრთან საუბრით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გვსურს, რუსეთმა დატოვოს ის ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდაა ოკუპირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს, გახდეს ერთიანი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა ჰაჩინსონმა.

ელჩმა უპასუხა კითხვას რუსეთის, როგორც სავარაუდო მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

„ეს ის არის, რასაც რუსეთი ამბობს. რუსეთი ცდილობს, შორს ამყოფოს საქართველო იმ თავისუფლებისგან, რომელსაც ხალხი იმსახურებს. რა თქმა უნდა, რუსეთის ტაქტიკაში შედის, ეცადოს, ზიანი მიაყენოს საქართველოს შანსებს ამ თავისუფლებისა და იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც გასატარებელია ნატოში გასაწევრიანებლად. ჩვენ საქართველოსთან ვართ და ვიქნებით, რათა ის წინ წავიდეს. ჩვენ ვიცით, რომ შემდეგ, ერთ დღეს, საქართველო ნატოს წევრი გახდება“, - აღნიშნა ჰაჩინსონმა.

მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოში რეფორმები წინ მიიწევდეს და იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რეფორმები წინ მიიწევს. ჩვენ შევხვდებით პარლამენტის ლიდერებს, ასევე, პარტიების ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ორი რამ არის, რასაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით: საარჩევნო რეფორმებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის სიძლიერისთვის და რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, იმ სასამართლო სისტემით, რომელიც დამოუკიდებელია“, - განაცხადა ჰაჩინსონმა.

კითხვაზე, გიორგი გახარიასთვის მიცემული რეკომენდაციები უკავშირდება თუ არა ამ საკითხებს, მან დადებითად უპასუხა.

„რეკომენდაციები დაკავშირებულია ამ საკითხებთან. ეს ნაწილია ყველა ქვეყნის სტანდარტებისა, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის უნდა გქონდეთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი პრესა. ვიტყვი, რომ კარი ღია გვაქვს, ველით ჩრდილოეთ მაკედონიის გაერთიანებას ძალიან მალე და გვსურს, საქართველოც შემოვიდეს ნატოში, ერთ დღეს, როდესაც რეფორმები გატარდება, როდესაც ის მზად იქნება, ჩვენ შეგვიძლია, მას მივესალმოთ“, - განაცხადა ჰაჩინსონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა