საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ ზემო აჭარას ესტუმრა

2 ოქტომბერს ფონდი „აი ია“ საქველმოქმედო პროექტით ზემო აჭარას, კერძოდ, შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდი „აი ია“-დან აცნობეს, სტუმრობის მიზანი იყო, რეგიონში მცხოვრები პატარებისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება მათთვის საინტერესო შემეცნებითი და გასართობი აქტივობების საშუალებით.
შუახევის სახელოვნებო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა მუსიკალური საკრავების გამოყენებით სახალისო მუსიკალური აქტივობები ჩატარდა.
ფონდის თერაპევტებმა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგი „გაუფრთხილდი სმენას“ ჩაატარეს, სადაც ინტერაქტიული დისკუსიების საშუალებით მოზარდებმა სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს სმენასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
„საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ მიზანია, თანამშრომლობის გაღრმავება ზემო აჭარის საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან. სასიხარულოა, რომ შუახევის საგანმანათლებლო დაწესებულებები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩვენს ინიციატივას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ რეგიონის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვებისა და პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას. გვინდა, კიდევ ბევრი ლამაზი და ბედნიერი დღე ვაჩუქოთ ზემო აჭარაში მცხოვრებ პატარებს“, - განაცხადა ფონდის დირექტორმა ნანა გოთუამ.
„მადლობას ვუხდით შუახევის მუნიციპალიტეტის, საჯარო და სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























