გიორგი კანდელაკი - ლიეტუვას უშიშროება ე.წ. მართლმადიდებლობის ასამბლეაში მონაწილეობას რისკად მიიჩნევს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ზაქარია ქუცნაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, ქუცნაშვილი დაჟინებით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში არ მონაწილეობდა.

„გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გავრილოვი თავად არ უარყოფს იმას, რომ აფხაზეთში ნამდვილად იმყოფებოდა იმ მოვლენების დროს, რომელთა ტრაგიკული თარიღი სულ რამდენიმე დღის წინ მთელმა საქართველომ აღნიშნა. იგი უბრალოდ ამბობს, რომ იქ „ქრისტიანებს ეხმარებოდა.“ გამომდინარე იქიდან, რომ გავრილოვი ასევე იმყოფებოდა სხვადასხვა ცხელ წერტილებში (დნესტრისპირეთში, კოსოვოში, ერაყში სადამ ჰუსეინის მხარდასაჭერად), ომის დროს აფხაზეთში ყოფნა სწორედაც ნიშნავს, რომ იგი ნამდვილად იყო ჩაბმული საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციებში და იმ სისხლისღვრაში, რამაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს სიცოცხლე დააკარგვინა და რის შედეგადაც აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა. თავმოყვარე სახელმწიფო ახლა გავრილოვის აფხაზეთის ომში გამოძიებით იქნებოდა დაკავებული“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, გამაოგნებელია, რომ ქუცნაშვილი და სულ მცირე ხნის წინ პრემიერი გახარია ჯიუტად იცავენ ამ ე.წ. ასამბლეას, როგორც ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატს.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ლიეტუვას უშიშროების სამსახურის აზრით, ეს „ასამბლეა“ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. მეტიც, ლიეტუვას უშიშროების სამსახურის დირექტორის მოადგილე ვაიდოტას მაჟეიკა ამბობს, რომ ამ ასამბლეაში ლიეტუვას პარლამენტის წევრის მონაწილეობა დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების რისკებთან. სწორედ ამიტომ, ლიეტუვას პარლამენტის გადაწყვეტილებით დაიწყო გამოძიება ქვეყნის პარლამენტის წევრის ირინა როზოვას მიმართ. გამოძიების ინტერესს მათ შორის წარმოადგენს, ხომ არ შევიდა ლიეტუვას სეიმის ეს წევრი კონტაქტში რუსეთის დუმის აპარატის წევრებთან, რომლებიც შესაძლოა, დაკავებული ყოფილიყვნენ ჯაშუშური საქმიანობით“, - აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, იგივეს ამბობს და დასძენს, რომ ეს ფორუმი რუსული პროპაგანდის პლატფორმის ნაწილია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს წევრი ორი სახელმწიფოს უშიშროების სამსახური ღიად მიიჩნევს ამ ფორუმში მონაწილეობას რისკ ფაქტორად, მივმართავ სუს-ს კითხვით, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი და გამოკითხა თუ არა „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც ასამბლეის სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას, მათი კონტაქტების შესახებ რუსეთის დუმის იმ წევრებთან, რომლებიც შესაძლოა, ჯაშუშური საქმიანობით ყოფილიყვნენ დაკავებული. თუკი ამ ფორუმში მონაწილეობა უსაფრთხოების რისკია ლიეტუვას პარლამენტის წევრისთვის, განა ეს საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ასე არ არის? ვფიქრობ, სუს-მა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება“, - აღნიშნა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა