მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძეს გადაეცა

მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მთაწმინდის პარკში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი პედაგოგებისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო თუმცა, სამინისტრო კიდევ უფრო მეტად იზრუნებს პედაგოგებზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია.

„თითოეულ პედაგოგს გილოცავთ დღევანდელ დღეს! წლევანდელი წელი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. წელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი უმაღლესი განათლება დ მეცნიერება ევროპული სისტემის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან ყველა ქართველ მეცნიერს, რამდენიმე მილიონიანი ევროს ბიუჯეტზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, ევროპულ სივრცეში უკვე გაწევრიანდა 5 ქართული უნივერსიტეტი, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რაც ასევე დიდი მიღწევაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია. რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის 6000-ზე მეტმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო ორი წლის ჯამური ხელფასის სახით. გაიზარდა პედაგოგთა ანაზღაურება, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სკოლების კარი გაიხსნა ახალი მასწავლებლებისთვის. ჩვენ დაგპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესია ყოფილიყო დაფასებული და დანაპირებს ვასრულებთ. კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ, ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია“, - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ავტორებსა და პარტნიორებს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, რომელიც ხუთ ფინალისტს შორის გამოვლინდა ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდია და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ლიბერთი ბანკის“, ტელეკომპანია „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მარკეტინგული კომპანიის „4MEDIA“ მხარდაჭერით ტარდება.

წელს, ასევე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისთვის პრიზები დააწესეს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ, გიმნაზიამ „შავნაბადა“, სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთე“, ქართულ-ამერიკულმა სკოლამ „პროგრესი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სულაკაურის გამომცემლობამ, როტარი კლუბმა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა