ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თოდაძეს სოლიდარობას უცხადებენ და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. შეკრებილებს შორის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია ამბობს, რომ პარტიულ მეგობრებს უნდა შეელიონ.

„დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია ვუთხრათ თამთას, რომ სოლიდარულები ვართ ამ ბრძოლაში და მარტო არ იგრძნოს თავი. ასევე, შევიკრიბეთ, რათა პროკურატურას მოვთხოვოთ, საფუძვლიანად დაიწყოს მუშაობა, დასაჯოს დამნაშავეები და მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ იმის შესახებ, თუ რა სტადიაზეა საქმე. წაყრუება ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს ქალებს. არ შეიძლება, რომ პარტიულობის ან თანამდებობაზე ყოფნის გამო, ქალთა უფლებები არ იყოს დაცული. მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ, დათმონ, აიღონ პასუხისმგებლობა და შეელიონ პარტიულ მეგობრებს. დაგვანახონ, რომ ქალზე ძალადობა ისჯება კანონით“, - განაცხადა ციცინო შენგელიამ.

აქციას შეუერთდა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია. შელია ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„სოლიდარობა თამთას და მასთან ერთად ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალადობას განიცდის. ჯიშკარიანს თავი საავადმყოფოსთვის აქვს შეფარებული, რადგან არ შეუძლია თვალი გაუსწოროს საზოგადოებას. მართალი კაცი ისაუბრებს თავის სიმართლეზე და არ დაიმალება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს საქმე და დასაჯოს დამნაშავე“, - უთხრა ჟურნალისტებს შელიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.