სამკერვალო ,,ლიდერში“ დღეს ჭრა-კერვის შემსწავლელი 3 თვიანი კურსის დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენელი და ცნობილი მოდელიერი თათა ვარდანაშვილი (ანამარია ხოდელი), ესწრებოდნენ.
კურსი, რომლის ფარგლებში ჭრა-კერვა-მოდელირება, პროექტების წერა და ფანდრაიზინგი ორ ეტაპად 60-მა სოციალურად დაუცველმა და იძულებით გადაადგილებულმა ქალმა შეისწავლა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 9000 ლარით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ კურსის გავლის შედეგად, 60-დან 2-მა მსმენელმა უკვე საკუთარი სამკერვალო შექმნა და დასაქმდა.
პროექტი ,,გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“ განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ნაბიჯი განვითარებისთვის“.