დადიანების სასახლის ეზოში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართება

11 ოქტომბერს, დადიანების სასახლის ეზოში ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს ღონისძიება (UNFPA) საქართველოს ოფისის და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ტარდება. ფესტივალის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა.
11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდული ფესტივალი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გოგონების პოტენციალის სრული რეალიზება, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები: სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, ცოცხალი ბიბლიოთეკა, ინტელექტუალური თამაშები, სახეების მოხატვა, კულინარიული შეჯიბრი მამაკაცებს შორის, ხელნაკეთი ნივთების და ფლორისტების გამოფენა და კონცერტი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ახალგაზრდების გაძლიერება და არაფორმალური განათლების მეშვეობით, მათთვის ინფორმაციის მიწოდებით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, რეპროდუქციული უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ, რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის პროცესში. აქედან გამომდინარე, UNFPA ხელს უწყობს ახალგაზრდების მდგრად განვითარებას სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების დახმარებით, როგორიცაა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები, ახალგაზრდული ფორუმები და ფესტივალები, საინფორმაციო შეხვედრები და ა.შ.
ფესტივალი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

























