მარიამ ჯაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებს - მადლობა თქვენ, რომ ქმნით მომავალს, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს სოხუმში

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მათ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად მოახერხეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

„სევდიანია აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი შეხვედრა, მაგრამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ძალიან დიდ წარმატებას, გმირობის ტოლფასია აფხაზეთში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის სწავლა და შენარჩუნება. მადლობა თქვენს პედაგოგებს, მშობლებს და თქვენ პირველ რიგში, რომ მიუხედავად უდიდესი დაბრკოლებებისა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტები ხართ და ქმნით მომავალს, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს სოხუმში“, - მიმართა ახალგაზრდებს მარიამ ჯაშმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ლია გიგაურმა შეხვედრაზე სტუდენტებს მიმართა და მათ ის ახალგაზრდები უწოდა, რომლებთან ერთადაც ერთიანი საქართველო შეიქმნება.

„თქვენ ხართ ის ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა შექმნათ ერთიანი საქართველო, განსაკუთრებულად ძლიერი უნდა იყო ადამიანი რომ არ შეუშინდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურ დისკრიმინაციას, როდესაც გიკრძალავენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას. თქვენ არ შეუშინდით არც მავთულხლართებს, არც ზეწოლას და მოინდომეთ ჩაგებარებინათ ეროვნული გამოცდები, სამაგალითო მოტივაციაა და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ თქვენგან უფრო მეტი“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლად ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა