გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნა

გორში „გორის დღე 2019“ აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.

როგორც გორის მერიიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო, ჭაჭა და ყურძნის წურვის, ჩურჩხელებისა და ხელნაკეთი ნივთების მომზადების პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. გარდა გორისა, დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების კუთხეებიც.

მთელი დღის განმავლობაში დღესასწაულის ფარგლებში უწყვეტად მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.

ღონისძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალაქტიონ ტაბიძის ხეივანიც გახსნეს. მათ ფეხით გაიარეს გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე მოწყობილი ბილიკი, რომელზეც ცნობილი პოეტი ყოველდღე დადიოდა კარალეთის სკოლაში მოღვაწეობისას.

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქეები მეუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ.

"გორის დღე 2019" ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე გალა - კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს