არჩილ თალაკვაძე - რაიმე წინასწარი გეგმა, რომ მაინცდამაინც კოალიციით ვიქნებით 2020 წლის არჩევნებში, ჩვენ არ გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაიმე წინასწარი გეგმა, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციით იქნება 2020 წლის არჩევნებში წარმოდგენილი, პარტიას არ აქვს. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვინ იქნება 2020 წლიდან პარლამენტში, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკურ გუნდს წარადგენს მმართველი პარტია და ასევე დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა მხარდაჭერას მიიღებს ამომრჩევლისგან.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც გააკეთა რეფორმები და პირველმა დააანონსა, რომ პოლიტიკური კულტურა და პროცესი ამ ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიულისკენ შეიცვალოს. ამაზე მეტყველებს ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა, რეგლამენტის ცვლილება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელზეც ოპოზიციასთან ერთად ვმუშაობთ. თუ ვინმეს ეს ცვლილება უნდა და სურს, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ უფრო ევროპული, უფრო მშვიდი, უფრო საქმიანი პოლიტიკა შევთავაზეთ საზოგადოებას და 2020 წლის შემდეგ ეს ასეც იქნება. მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. რეალურად მიიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებასაც ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით გავაგრძელებთ საქმიანობას. ვინ იქნება 2020 წლიდან პარლამენტში, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკურ გუნდს წარადგენს ჩვენი პოლიტიკური პარტია და დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა მხარდაჭერას მივიღებთ ამომრჩევლისგან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, როგორც თალაკვაძე აცხადებს, „კობახიძემ თქვა მარტივი და გასაგები რამ, რომ 2020 წლის არჩევნებში ყველა პოლიტიკური პარტიის ამოცანა იქნება გამარჯვება და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება“.

„არსებული მოდელი უშვებს იმასაც, რომ თუ ეს ვერ მოხერხდა, პარტიები უნდა დასხდნენ და განიხილონ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა. თქვენ ახლა კონმენტარები ალბათ, სხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჩამოართვათ და თუ რომელიმე მათგანი იტყვის, რომ მათი მიზანი არის წაგება, გთხოვთ გაგვაცნოთ ეს მოსაზრება. დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს იმისთვის, რომ წააგოს. ჩვენი პარტიის მიზანიც არის წარმატება და გამარჯვების მოპოვება. რაიმე წინასწარი გეგმა, რომ მაინცდამაინც კოალიციით ვიქნებით 2020 წლის არჩევნებში, ჩვენ არ გვაქვს“, - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თალაკვაძის განცხადებით, იმის მოწოდება, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ამნისტია უნდა გამოაცხადოს, „დროში მოვლენებს მინიმუმ რამდენიმე წლით ჩამორჩება“.

„ყველა წინა ხელისუფლებების დროს რეალური „ტრადიცია“ იყო ის, რომ ხდებოდა მთელი საჯარო სამსახურის წმენდა და პარტიული კადრებით მისი დაკომპლექტება. ეს „ტრადიცია“ შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. ამ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურში მყოფი პირები დღემდე მუშაობენ საჯარო სამსახურებში, რაც მიუთიებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური კულტურა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“, რაც რა თქმა უნდა, რთულია. ამ დროს არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში ჩვენს მხარდამჭერებში, ოპოზიციის მხარდამჭერებში, მაგრამ დღეს იმის მოწოდება, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ამნისტია უნდა გამოაცხადოს, ვფიქრობ, დროში ჩამორჩება მოვლენებს მინიმუმ რამდენიმე წლით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა