გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-მა უკიდურესად შეამცირა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ტერორიზმის მიმართულებით.

„ჩვენი ქვეყანა არის აქტიური წევრი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისა, სადაც წარმოდგენილი არიან გიგანტი სახელმწიფოები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვიან ტერორიზმს. მათ შორის არის ჩვენი ქვეყანაც, სადაც წარმოდგენილია ჩვენი სამსახურის სახით.

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ისლამური სახელმწიფო. მოგახსენებთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო წავიდა დასუსტებისკენ, დაკარგა ბევრი მებრძოლი და აქტიური ღონისძიებებიდან გადავიდა შეფარულ მოქმედებებზე, რაც გამოიხატება წერტილოვანი ტერაქტების მოწყობაში. თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე, სადაც მნიშვნელოვანი დისონანსის შეტანა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობის წარმატებით წარმართვაში და წარმოიშვა გარკვეულწილად რისკები იმისა, რომ დაკავების ადგილებიდან და ლტოლვილთა ბანაკებიდან შესაძლებელია, თავისუფალ სივრცეში მოხვდნენ ძველი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები, რაც თავისთავად ქმნის ახალ რეალობას და ახალ გამოწვევას, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხითაც, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თუმცა მცირე ნაწილი მონაწილეობას იღებდა მიმდინარე ღონისძიებებში სირიის ტერიტორიაზე და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ, სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ კოალიციას ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე, შესაძლებლობებს არ კარგავენ ტერორისტული ორგანიზაციები „თალიბანი“ და „ალ ქაიდა“. მეტიც, ბოლო პერიოდში ავღანეთში შეინიშნება „თალიბანის“ პოზიციების გაძლიერება, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობას და უპირველეს ყოვლისა ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში შემცირებულია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერთა რაოდენობა.

„მსოფლიოში არსებული არნახული ტერორისტული აქტივობის ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უკიდურესად შეამცირა საქართველოში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები; მინიმუმამდე დაიყვანა უცხოელი ტერორისტი მებრძოლებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილა ტერორისტული თავდასხმის ფაქტიურად გარდაუვალი საფრთხეები.

ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლის სფეროში, როგორც საქართველოს, ისე ბევრად უფრო დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს უწყებათაშორისი კოორდინაციისა და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი უწყების აქტიური ჩართულობით, სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მაღალი შეფასება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

„აღნიშნულ დოკუმენტს დიდი შეფასება მისცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვინც თვალს ადევნებდა მუშა პროცესს. აღნიშნული სტრატეგიით სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, რის შედეგადაც სამართალდაცვითი და დევნის განმახორციელებელი ფუნქციები პრევენციული მიდგომებით დაბალანსდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მოითხოვს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ ძალისხმევას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტერორიზმი, ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია არის ფენომენი, რომელიც საზრდოობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებული დაპირისპირებით.

გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს კონტრტერორისტული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორატის დელეგაცია, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი. დირექტორატმა დადებითად შეაფასა საქართველოს უწყვეტი ძალისხმევა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოიხატა მათ მიერ დადებულ შეფასებებში“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას იხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა