დავით ზალკალიანი - საქართველო შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მხრიდან შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორინეტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესი, იმავდროულად გახლავთ ჩვენი გუნდის, ჩვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი ინდიკატორიც. საქართველო დღეს ევროკავშირის მხრიდან შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის უმთავრესი მიზანია ქვეყანა ფიზიკურად მოამზადოს გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ამ კუთხით აღსანიშნავია ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბურობით, მონაწილეთა მაღალი დონით და საქართველოს მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებით.

„შემუშავდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის ანგარიში; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 4 საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 177 მილიონამდე ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. საქართველო განაგრძობდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ასევე, საქართველო აგრძელებდა დოკუმენტით „2020 წლისთვის 20 შედეგი“ გათვალისწინებული ქმედებების გატარებას; მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ ინიციატივას თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის სახით“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე აქტიურად არის ჩართული ევროკომისიის მიერ წამოწყებულ საკონსულტაციო პროცესში, რომლის მიზანია პარტნიორობის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2020 წლის შემდგომი მიზნების განსაზღვრა.

საკუთარ გამოსვლაში, ზალკალიანმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან თანამშრომლობაზე, უსაფრთოხებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სექტორული ინტეგრაციის კუთხით თანამშროლობის გაღრმავებაზე.

ყურადღება გამახვილდა 2018 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით, უმაღლესი დონის პირველი შეხვედრაზე, რომელიც უპრეცედენტო, მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილი ფორმატია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირის აქტიურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისა და უფრო მეტად წარმოჩენისკენ. მინისტრის თქმით, დაწყებულია მუშაობა 2020 წლის მაისში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელსაც ხორვატია უმასპინძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა