თურქეთის ელჩი - საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი დელიმიტირებულია

"დავინახეთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა ოპერაციაზე „მშვიდობის წყარო“, რომელიც დაიწყო 2019 წლის 9 ოქტომბერს, სირიაში არსებული სხვადასხვა ტერორისტული საფრთხის გასანეიტრალებლად, ვინაიდან, თურქეთის პოზიციით, იგი უშუალოდ ემუქრება თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ფატმა ჯერენ იაზგანი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ინფორმაციებს თურქეთთან დაკავშირებით.

„სირიის საკითხზე თურქეთსა და აშშ-ს შორის გარკვეული დაძაბულობაა და მე ვიგრძენი, რომ ამ დაძაბულობიდან გამომდინარე, საქართველოშიც გარკვეული შეშფოთება შეინიშნება. ასევე დავინახეთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა. ამ დეზინფორმაციას სხვადასხვა წყარო აქვს. მცდარი ინფორმაციების ძალიან დიდი ტალღა განსაკუთრებით აჭარასთან და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით წამოვიდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია. ამ კონტექსტში ვხვდებით ისეთ მცდარ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, რომ 2021 წელს ხდება ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი, მას გასდის ვადა და თურქეთი მოინდომებს აჭარის მიტაცებას. ჩვენი თხოვნა ქართული მედიისადმი იქნება, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ დეზინფორმაციას. დავრწმუნდით იმაშიც, რომ ასეთი ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა საიტიდან, რომელთა ნაწილიც გარკვეულწილად დაკავშირებულია PKK-სთან და მათი გავრცელება პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება. ოპერაციის "მშვიდობის წყარო" მსვლელობასთან დაკავშირებით კი, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე მედიაში მუსირებს გარკვეული თემები. მედიაში ვხედავთ, რომ ასევე ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად (რაც არის სირიიდან ადგილნაცვალი პირების მიერ ჩამოყალიბებული ძალა), ერთობლივად აწარმოებს სირიაში სამოქალაქო პირების ხოცვა-ჟლეტას. თუ სამოქალაქო პირებს რაიმე ზიანი მიადგებათ თურქეთის ძალების ან მის კონტროლქვეშ მყოფი ნებისმიერი ძალების მხრიდან, შესაბამისი ზომები იქნება გატარებული და მიღებული", - განაცხადა ელჩმა.

მანვე ისაუბრა ოპერაციაზე "მშვიდობის წყარო".

„ხაზს ვუსვამ, ეს სამხედრო ოპერაციაა, წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ მომზადებული და დაგეგმილი თავისი საზღვრებით, გამოყენებული მასალებითა და ყველა მხრივ. ეს არის ოპერაცია, რომელიც განიხილება გაეროს დეკლარაციის 51-ე მუხლის ეროვნული თავდაცვის ფარგლებში. ამ ტერიტორიაზე არსებული სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებთან რაიმე გაუგებრობის თუ კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მათთან კავშირის არხები ღიაა. ეს ოპერაცია არ არის ქურთების, არამედ, PKK-ს წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში, როგორც მემარცხენე ორგანიზაცია, ცივი ომის მერე შეიძინა ნაციონალისტურ-სეპარატისტული სახე და მიმართულებები, შემდეგ დაიწყო ტერორისტული ქმედებები, განახორციელა ძალიან ბევრი ტერაქტი თურქეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და თავდასხმები თურქეთის მესაზღვრეების წინააღმდეგ. ჩვენ ამ ორგანიზაციას უკვე 40 წელია, ვებრძვით. რაც შეეხება სამოქალქო პირების დანაკარგს, ამ ოპერაციისას ეს რიცხვი არის ძალიან მცირე, რაც აღსანიშნავი ფაქტია, მაგრამ ვისურვებდით, საერთოდ 0-ის ტოლი ყოფილიყო", - განაცხადა ელჩმა.

ფატმა ჯერენ იაზგანმა კითხვაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაშია მოსალოდნელი ოპერაციის გაგრძელება, უპასუხა, რომ განსაზღვრული მიზნებია და არა - ოპერაციის ხანგრძლივობა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა მრავალჯერ გააჟღერა, რომ ოპერაციასთან დაკავშირებით ვადები არ გვაქვს დათქმული, არამედ, გამოცხადებული გვაქვს მიზნები. მიზანია 30 კმ სიგანისა და 480 კმ სიგრძის ტერიტორიის რეგიონის ტერორისტებისგან გათავისუფლება. მეორე მიზანი კი თურქეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა", - აღნიშნა ელჩმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ