ალექსანდრე მოწერელია CPMR-ის გენერალურ ასამბლეას ესწრება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საზღვაო რეგიონების 47-ე გენერალურ ასამბლეას ესწრება. საერთაშორისო კონფერენცია CPMR (Conference of peripheral maritime regions) იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში მიმდინარეობს.
როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, CPMR -ის გენერალურ ანსამბლეაზე ეკონომიკის და ტურიზმის საკითხებში ევროპული სამეზობლო თანამშრომლობის თემები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ნარჩენების მართვის საკითხებზე, კლიმატის და ენერგიის ცვლილებაზე, კონფერენციაზე მიმოიხილეს საზღვაო პოლიტიკის საკითხებიც.

ალექსანდრე მოწერელია ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების ხელმძღვანელებთან პირისპირ შეხვდრებს გამართავს, სადაც ურთიერთანამშრომლობის საკითხების განიხილვა მოხდება.
საზღვაო რეგიონების გენერალურ ასამბლეას, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები და სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და რეგიონების ხელმძღვანელები ესწრებიან.
CPMR აერთიანებს 24 ქვეყნიდან, დაახლოებით 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს და მეტწილად ორიენტირებულია სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და საზღვაო პოლიტიკაზე. ასევე, ასოციაციის მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის ევროპული მმართველობა, ენერგიის და კლიმატის ცვლილება, სამეზობლო პოლიტიკა და განვითარება.
CPMR-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. 2000 წლიდან მოყოლებული, CPMR აქტიურად უჭერდა მხარს „ევროპული ინტეგრაციის“ იდეას. ასევე, აქტიურად ლობირებდა რეგიონული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანს საკითხებს. მთავარი და მნიშვნელოვანი აქტივობა, რასაც ასოციაცია დღემდე ასრულებს არის ევროკავშირის დონეზე რეგიონებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სხვადასხვა ინიციატივების დაყენება,
რამაც შეიძლება მოუტანოს რეგიონებს განვითარება და გაზარდოს დასაქმების მაჩვენებელი.

























