ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვა

ნატო-ს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ტექნიკა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მან პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. პროექტი დანიის სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატოს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა JTEC-ის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე. „JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა, რომელიც, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, საქართველოს დახმარებას უწევს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გაზარდოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობა და მოგვამზადოს ნატო-ს წევრობისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა