ჭიათურის მაღაროში დაღუპული გაგა ბოჭორიშვილის ოჯახს ჯანდაცვის მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიუსამძიმრეს

ჭიათურის მაღაროში დაღუპული გაგა ბოჭორიშვილის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი, იმერეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მივიდნენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს მომხდარი ფაქტი რამ გამოიწვია.
„საშინელი ფაქტი მოხდა, დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცხრა თვის ბავშვი და ფეხმძიმე ცოლი დარჩა. რაც შეეხება ინფორმაციას, ამის მოსაძიებლად გაგზავნილია ჯგუფი და გასაცნობად ჩვენც მივდივართ ჭიათურაში ადგილზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების გამკაცრებას, მინისტრი განმარტავს, რომ კანონი გამკაცრებულია, თუმცა საჭიროა ყველა მხარის მზაობა.
"კანონის გამკაცრება მოხდა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შრომის ინსპექციის სამსახური. ვახორციელებთ კონტროლს, ეს კონტროლი არ არის საკმარისი, თვითონ საზოგადოების მზაობაც უნდა იყოს ამისათვის და ამაღლებული ცნობიერება როგორც კომპანიის, ასევე დასაქმებულების, რომ ეფექტური იყოს ჩვენი მუშაობა. ვმუშაობთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები, რაც შეიძლება მინიმირებული იყოს და ყველანაირი პრევენცია იყოს, რომ არ მოხდეს ასეთი უბედური შემთხვევები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯერ არ აქვს ინფორმაცია რა მოხდა მაღაროში, ამის შესახებ ადგილზე მისვლის შემდეგ ისაუბრებენ.
გუშინ, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა.

























