სოფელ ცაიშში კოოპერატივმა ,,ათენამ” სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობით მეურნეობა მოაწყო

კოოპერატივმა ,,ათენამ” სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობით 3500 კვ.მ-ზე სასათბურე მეურნეობა მოაწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მდებარე, სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა „ათენა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ დაათვალიერა და მეწარმის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
„კოოპერატივ „ათენას“ სათბური 3500 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული. მეწარმე აქ წარმოებულ ბოსტნეულს ქართულ ბაზარზე ყიდის, სასათბურე მეურნეობაში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.
კოოპერატივმა „ათენამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, მან „ერთიანი აგროპროეტის“ ფარგლებში 110 ათას ლარიანი გრანტი მიიღო, ხოლო 160 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის" საშუალებით. სასათბურე მეურნეობა გაფართოებას და დამატებითი სათბურების აშენებას აპირებს, რაც მეტი ადგილობრივის დასაქმებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























