უშგულში გაერო-ს კვირეული აღინიშნა

19 ოქტომბერს, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, გაერო-ს კვირეული, გარდა საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისა, უშგულშიც აღინიშნა. დაგეგმილ ღონისძიებებს გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან (UNFPA) აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, უშგულის სკოლაში, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ორი ფოტოპროექტი: „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისთვის“ იქნა წარმოდგენილი. ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. „თანატოლები თანასწორობისთვის“ კი 12 ახალგაზრდას ისტორიას აერთიანებს. ფოტოპროექტის ფარგლებში ისინი გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განათლების, აქტივიზმისა და საკუთარი ინიციატივების შესახებ საუბრობენ. ორივე ფოტოპროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერითაა მომზადებული და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, უშგულის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას მისცემს უშგულში მცხოვრებ ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, თანასწორობის შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. „თანასწორობის კუთხეს“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გახსნის. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კეკელიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს და გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

„თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, ღონისძიებები გაიმართა გაეროს კვირეულის ფარგლებში, უშგულის გამგეობასთან თანამშრომლობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა