ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მოსახლეობას შეხვდა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მოსახლეობას შეხვდა

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მალე ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ხელი მოეწერა 60 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს „ბათუმის ახალი სიცოცხლე“, რომელიც გულისხმობს ცენტრალური წყალარინების სისტემის მოწყობას ამ ტერიტორიაზეც. სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები 2020 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება. ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომლებიც აქ ჩავინიშნეთ, რეაგირება უკვე დაწყებულია. სამუშაოების ნაწილი მიმდინარეობს, დანარჩენი კი, გათვალისწინებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში“,-განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერის ინფორმაციით სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში 37 ქუჩაზე, ჩიხსა და შესახვევში სულ 2 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ცენტრალურ წყალარინებასთან და სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ცოტა ხნის წინ ამ უბანში დასრულდა წყლის მაგისტრალური არხის გაყვანა, უკვე დაწყებულია დაქსელვა, რის შედეგადაც გადაიჭრება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა.

მერთან ერთად დღეს შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.