რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აჭარაში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დაბა შუახევში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა, რომელსაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა და რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ილია ნაკაშიძემ შუახევში კომიტეტის გასვლითი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რაც ადგილობრივების, საერთოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების წინაშე დგას. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს ეხება მიწის რეგისტრაციის პრობლემას, მუნიციპალიტეტების მიერ ინერტული მასალების გამოყენების საკითხს, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებს და სხვა. მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დისკუსია ნამდვილად ხელს შეუწყობს პრობლემების დროულ მოგვარებას.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტის გასვლით სხდომები, კომიტეტის ტრადიციად იქცა და ადგილებზე საკითხების განხილვა გარკვეულ შედეგების მომცემიცაა. მისი თქმით, როდესაც საკითხები რეგიონებიდან, მუნიციპალიტეტების საჭიროებიდან მოდის, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა პრობლემა გადაჭრას ელოდება და მათზე მუშაობა გაგრძელდება და მუდმივად კომიტეტის ყურადღების ქვეშ იქნება.

„წინ არის მნიშვნელოვანი პროცესი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისა და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შეხედულებებსაც ამ პროექტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დამტკიცებამდე დასვათ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია“ , - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის სხდომის მონაწილეებს მიესალმა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

ამის შემდეგ კომიტეტმა მუშაობა დამტკიცებული დღის წესრიგით გააგრძელა.

თავდაპირველად განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს. კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა და სხდომის მონაწილეებს კანონპროექტის მიზეზებსა და მიზნებზე ინფორმაცია მიაწოდა.

კანონპროექტის მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გარკვეული უფლების დელეგირება,

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექნება უფლება გაატაროს დისციპლინური ზომები, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს მისცემს წერილობით გაფრთხილებას; სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; ასევე სამინისტროს მიეცემა უფლება შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.

სხდომაზე ასევე მოისმინეს მიმოხილვითი ინფორმაცია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

უწყების ცნობითვე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ავტონომიური რესპუბლიკის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება დაუთმეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებს, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებს.

სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას; განათლებისა და კულტურის ობიექტების (შუახევის კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია) მშენებლობას; აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლების წყალმომარაგებას; სოფლებში მერის წარმომადგენლების, ბაგა-ბაღების აღმზრდელების და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურების პრობლემებს; ხულოსა და შუახევის მთებში მოსახლეობის ელექტროფიკაციას, მაღალმთიან სოფლებში მობილური კავშირის გაუმჯობესებასა და გაზიფიცირებას; „ხულო-ადიგენის“ საავტომობილო გზის მშენებლობას; „გოდერძი-ბეშუმის“ გზის დარჩენილი 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულებას; „სხალთა-ხიხაძირის“ 6,8 კილომეტრიანი და „ხულო-შუახევი-ქედა-ბათუმის“ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას.

ინფორმაციები წარმოადგინეს და წამოჭრილ საკითხებზე განმარტებები გააკეთეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა.

ზაზა გაბუნიამ ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა