გიორგი მიქაუტაძე - დღევანდელ სხდომაზე თემურ გოგოხიასთან გასაუბრებისას რევაზ ნადარაია ფიზიკურად არ იმყოფებოდა დარბაზში და ამის გამო ვერ მოხდებოდა აცილების საკითხის განხილვა

დღევანდელ სხდომაზე თემურ გოგოხიასთან გასაუბრებისას რევაზ ნადარაია ფიზიკურად არ იმყოფებოდა სხდომის დარბაზში და ამის გამო ვერ მოხდებოდა აცილების საკითხის განხილვა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებების შესახებ ისაუბრა იმ მოქმედ მოსამართლეებთან, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე სურთ გადასვლა და უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭო ამ პროცესით იმ მოსამართლეებს აწინაურებს, ვინც მას აწყობს.

„მიმდინარე პროცესი შეეხება მოსამართლეების გადაადგილებას და მათი უმეტესობა არის უფრო პარალელურ გადაადგილებაზე შემოტანილი განცხადებები, სასამართლოდან სასამართლოში, საჭიროებების მიხედვით და ეს საჭიროებებიც განსხვავებულია, არის ტერიტორიული პრინციპი და სხვადასხვა მოსამართლისთვის არსებული საჭიროება. თვითონ პროცესი რომ საჭიროა, მე მგონი, ამას არც ჩვენი კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლე წევრები უარყოფენ. ეს პროცესი აუცილებელია სასამართლო სისტემისთვის, რადგან კონკურსებით ამ საკითხების მოწესრიგებამ სადამდეც მიგვიყვანა, ნახეთ თქვენ. რეალურად, კონკურსები ტარდებოდა, რათა გადაადგილებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. კრიტიკა იგივეა, რაც ყოველთვის გვესმის ხოლმე, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ა.შ. მე ამაზე აღარ შევჩერდები და ვფიქრობ, რომ უკვე ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

ასევე, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მოსამართლის, თემურ გოგოხიას გასაუბრების დროს, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია, აცილების დაყენების შესაძლებლობა არ იყო.

„რაც შეეხება რევაზ ნადარაიას, მე მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მან აიცილა და ამ მოტივით არ მიიღო მონაწილეობა თემურ გოგოხიას საკითხის განხილვაში. დღევანდელ სხდომაზე, როდესაც გოგოხიასთან იყო გასაუბრება, ნადარაია ფიზიკურად არ იმყოფებოდა სხდომის დარბაზში, არ იყო და ვერ მოხდებოდა ამ საკითხის განხილვა სწორედ ამის გამო. თუ წარსულ პრაქტიკას გადავხედავთ, ყოველთვის ასე იყო - არც ერთხელ გადაწყვეტილების მიღებაში ნადარაიას მონაწილეობა მიღებული არ აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეც ხელოვნურად წამოჭრილი საკითხი და ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, მეტი არაფერი", - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

მანვე ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რევაზ ნადარაია კენჭისყრაში მოგვიანებით, უპასუხა, რომ მის მაგივრად საუბარი არ სურს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა