რელიგიის სააგენტომ კონფერენცია - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის – რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“ გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სასტუმრო „ბილტმორში“ მეოთხე კონფერენცია - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის – რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“ გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, კონფერენციას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ევროატლანტიკური ორგანიზაციების როლს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში.

„თემაზე - რატომაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახთან მაქსიმალური დაახლოება - თითქმის, აღარავინ დავობს. ევროპასთან ურთიერთობა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან კავშირი საქართველოსთვის მაქსიმალურ დაცვას, კულტურულ ევროპასთან კავშირს, ადამიანის უფლებების დაცვასა და ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. დღევანდელი კონფერენციის მიზანია მხარი დავუჭიროთ 2008 წელს, სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეთა უმრავლესობით მიღწეულ, პლებისციტით გაცხადებულ ისტორიულ არჩევანს - ევრო-ატლანტიკურ კურსსა და ევროინტეგრაციის პროცესს; გამოვხატოთ უპირობო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; დავგმოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის ყველა გამოვლინება, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის, ეთნიკურ-ისტორიული კვალის წაშლის მიზნით საკულტო ნაგებობების უხეში გადაკეთების, დახურვის ან განადგურების ყველა ფაქტი; მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეროვნული ტრადიციების, ოჯახისა და რწმენის ფუნდამენტური საკითხებისა და ღირებულებების შენარჩუნებითა და მოფრთხილებით; რადგან საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ისტორიული წევრისა და გამორჩეული ტოლერანტობის ტრადიციების მქონე ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია ევროპის თანამეგობრობისათვის, ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის კულტურული, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ქართული გამოცდილება, ვფიქრობთ, საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რადგან ნებისმიერ კონფლიქტს, ეთნიკური იქნება ის, რელიგიური თუ კულტურული, მხოლოდ კანონით, მხოლოდ ძალთა დაშორიშორებით, თუნდაც, ომით, ვერ გადაწყვეტ. კონფლიქტის საბოლოო აღმოფხვრის ერთადერთი გზა - შემწყნარებლობა, ურთიერთგაგება და თანხმობაა,“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა