ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის  მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურებას გაზრდას ითხოვენ.

მათი განცხადებით, რთულ სამუშაოს ახორციელებენ, ხელფასი კი შესაბამისი არა აქვთ.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, უსაფრთხოების ნორმებიც დაცული არ არის. „აქ შეკრებილები წყალგამტარ მილებს, ხიდებს ვაკეთებთ. გვაქვს ძალიან რთული სამუშაო. არ გვინაზღაურდება შესაბამისად. დღიურად 20 ლარს გვიხდიან. სხვა სამუშაო მეტი არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ ხელფასის გაზრდას. ხელმძღვანელ პირს მოვთხოვეთ 5 ლარის დამატება, მაგრამ პირობას მაინც არ გვაძლევს. უკვე 20 დღეა ვმუშაობთ. მალე ამინდები გაფუჭდება, რის გამოც სამუშაო დღე შეგვიმცირდება და ანაზღაურებაც ნაკლები გვექნება“, - განაცხადა აქციის მონაწილე ვალერი მარშანიშვილმა.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამუშაოს შეწყვეტას და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

სამტრედია - გრიგოლეთის გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს. აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.