მატვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერთან და მოადგილესთან ერთად გაეცნო.
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
„პროექტის ფარგლებში ახალი გზა 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას. ამჟამად მიმდინარე სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს და 2020 წლის მარტში დასრულდება. პირველი ეტაპის სამუშაოები კი გასულ წელს განხორციელდა, რის ფარგლებშიც ახალი საავტომობილო გზა 1,5 კილომეტრზე დაიგო.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

























