რუსთავი და მარნეული შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს

შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი და შვეიცარიის პარლამენტის წევრები მარნეულის მუნიციპალურ სერვისს „ქალთა ოთახს“ ეწვევიან, მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში ქალთა ჩართულობას გაეცნობიან და ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდებიან. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი რუსთავის ყველის საწარმოს „მილკეში“, სადაც სურსათის უვნებლობის ჰასპის სტანდარტია დანერგილი.
მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ და ყველის საწარმოები „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფარგლებში გაძლიერდა, რომელიც შვეიცარიის დაფინანსებით „მერსი ქორი“ ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ 32 ყველის საწარმო გაძლიერდა, სადაც 6,500 ფერმერი რძეს ყოველდღიურად აბარებს. ხოლო მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ ოთხი რეგიონის 28 მუნიციპალიტეტში მუშაობს, სადაც 17,000-მა სოფლად მცხოვრებმა ქალმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის მომსახურება.
ასევე, შეხვედრებს დაესწრებიან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი დანიელ მევლი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.

























