სოფელ დოესში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა

სოფელ დოესში რეაბილიტირებული საბავშო ბაღი გაიხსნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 200 აღსაზრდელზე გათვლილი ორსართულიანი, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი საბავშო ბაღი გაიხსნა.

კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში შეიცვალა სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტროგაყვანილობის სისტემა, კარ-ფანჯრები, მოეწყო ცენტრალური გათბობა, გაილესა და შეიღება შიდა და გარე ფასადი.

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღსაზრდელებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

საბავშო ბაღის გახსნას შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საბავშო ბაღში ამჟამად 100 პატარაა და მომავალში კონტინგენტის გაზრდას ელოდებიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მეწარმე „კახა დათაშვილმა“განახორციელა, რომლის ღირებულება 333 278 ლარია და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.