სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება 1-ელ ნოემბერს ამოქმედდება

1-ელი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისთვის მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1-ელი ნოემბრიდან სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განახორციელებს. საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ეს კანონი ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აღნიშნული ტიპის დანაშაულებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უფლებამოსილებას. სახელმწიფოს მიერ ამგვარი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს.

ლონდა თოლორაიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1-ლი ნოემბრიდან საგამოძიებო ფუნქციის განსახორციელებლად მზადაა.

„საგამოძიებო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებით და აღჭურვილია გამოძიების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკითა და ინსტრუმენტებით“,- განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა ღონისძიების სტუმრებს გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლონდა თოლორაიამ, ასევე აღნიშნა, რომ სამსახურის ეფექტიანი მუშაობა უწყებებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. საგამოძიებო სამსახურის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოებში თავდაპირველად 16 გამომძიებელი იქნება დასაქმებული. სამსახურში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი (ნომერი - 199), რომელიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით 2019 წლის 10 მაისიდან ჩამოყალიბდა. აპარატის გარდაქმნა სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვამ განაპირობა. სამსახური პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების მონიტორინგის ფუნქციებს 2013 წლიდან ახორციელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:

✓ წამება;

✓ წამების მუქარა;

✓ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა;

✓ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;

✓ სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა