ზუგდიდში, ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი მამაკაცის საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

ზუგდიდში, ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი მამაკაცის საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

ზუგდიდში, კუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი მამაკაცის საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისივე თქმით, თუ ექიმის მხრიდან გადაცდომა გამოვლინდება, ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

„მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალების შემთხვევას, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე, ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური. თუ გამოვლინდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა, მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება“, - ამბობს სულხან ორჟონია.

42 წლის მამაკაცს კუჭის ოპერაცია ზუგდიდის საავადმყოფოში გაუკეთეს. ახლობლების ინფორმაციით, ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და რამდენიმე დღის წინ პაციენტი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარს ქირურგს აბრალებს და გარდაცვლილის შვილი მას ფიზიკურადაც გაუსწორდა. დაშავებული ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობდა.